ბერდია სიჭინავა – სახელმწიფო მმართველობის სისტემა მოშლილია! – ქვეყანა გასულია კონსტიტუციური ჩარჩოდან – „ოცნება“ მოქალაქეებს ძალადობითა და რეპრესიებით ემუქრება

სახელმწიფო მმართველობის სისტემა მოშლილია! – ქვეყანა გასულია კონსტიტუციური ჩარჩოდან, არ რეაგირებს არც ერთი უწყება! ძალადობის პრევენციის და აღკვეთის ნაცვლად, “ოცნება“ მოქალაქეებს ძალოვანი უწყებების და უსაფრთხოების სამსახურების გამოყენებით ძალადობითა და რეპრესიებით ემუქრება, – ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის „გახარია საქართველოსთვის” აღმასრულებელმა მდივანმა ბერდია სიჭინავამ განაცხადა.
სიჭინავას თქმით, ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ ორი რამ გახდა ნათელი: – ის ღიად დაუპირისპირდა ქვეყნის საგარეო კურსს და ასევე, ძალადობით დაუპირისპირდა საკუთარ მოქალაქეებს.
როგორც სიჭინავამ აღნიშნა, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას, მუქარას ადგილი აქვს არა მხოლოდ ოპონენტების, არამედ მათი ოჯახის წევრების, ქალების, ბავშვების, ყველას მიმართ, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს.
„სამწუხარო ფაქტია, რომ 12 წლის თავზე ივანიშვილის „ოცნებას“ პოლიტიკის საკეთებელ ინსტრუმენტად მხოლოდ ფიზიკური ძალადობა დარჩა. „ოცნება”, რომელიც ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის იდეით მოვიდა ხელისუფლებაში, 12 წლის თავზე დაშინების და ძალადობის ზუსტად იმ მეთოდებს იყენებს, რასაც თავად ებრძოდა. ხელისუფლებას, რომელიც ძალადობს, არ აქვს მომავალი. ხელისუფლება, რომლის მხარდაჭერა 30%-იც აღარ არის – აქვს ლეგიტიმაციის პრობლემა, რომელსაც ხელისუფლების მიწურულს ფიზიკური ძალადობით, დაშინებით, მუქარით და კორუფციით აკომპენსირებს. სახელმწიფო ინსტიტუტებს, სამართალდამცავ ორგანოებს და უსაფრთხოების სამსახურს, შევახსენებთ, რომ მოქალაქეთა ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედება და ძალადობის აღკვეთა მათი ვალდებულება და პასუხისმგებლობაა. ახლა ივანიშვილი სამართალდამცავებს და მოქალაქეებს შეგნებულად ერთმანეთს აპირისპირებს, რაც არ უნდა დავუშვათ. ყველა ჩვენგანის საერთო მიზანი უნდა იყოს სამოქალაქო დაპირისპირების თავიდან აცილება”, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი დეპუტატ მარიამ ლაშხის მიერ „გლობალური ომის პარტიასა“ და მასონებზე გაკეთებულ განცხადებას „პირობით შედარებას“ უწოდებს და მისი მისამართით კრიტიკას „ფაშისტურ კამპანიად“ აფასებს