„ოცნება“, სამართალდამცავი სისტემა და „შერატონ ბათუმი“ ორკესტრირებულად მოქმედებენ, რომ გიორგი გახარიაზე ჩასაფრებით, პოლიტიკური შურისძიების მიზნით დაგეგმილი და განხორციელებული ორგანიზებული თავდასხმიდან გააქრონ დანაშაულის დამკვეთის – ბიძინა ივანიშვილის კვალი, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, პარტიის თავმჯდომარის გიორგი გახარიას წინააღმდეგ თავდასხმა პოლიტიკური შურისძიების აქტი იყო, რომლის ავტორი ბიძინა ივანიშვილია.
სიჭინავას განმარტებით, ხელისუფლება ცდილობს ბიძინა ივანიშვილი ამ საქმიდან „სუფთად გაიყვანოს, მაგრამ ასე ვერ მოხდება“.
„ბიძინა ივანიშვილს ვპირდებით, რომ ამ საქმიდან ვერ გაძვრება და ვერავის ზურგს ამოეფარება, როგორც ეს მას ხშირად გაუკეთებია. გიორგი გახარიასთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება აღმოჩნდა ფიქტიური, რადგან უმთავრესი მტკიცებულების – ვიდეოჩანაწერების გაცნობის შესაძლებლობა არ მოგვცეს მათი ექსპერტიზაზე გაგზავნის ყალბი მოტივით. იმ მასალების გაცნობით, რომელზეც წვდომა მოგვეცა, დადასტურდა ჩვენი გამოძიებით დადგენილი გარემოებები:
– გამოძიება არათუ მუშაობს თავდამსხმელების იდენტიფიცირებაზე, ორგანიზატორისა და დამკვეთის გამოვლენაზე, არამედ პირიქით, ფორსირებული ტემპით ცდილობს საქმის გაფუჭებას. საქმეზე დაზარალებული მხარის გარდა გამოკითხულია მხოლოდ ერთადერთი, ფაქტის არათვითმხილველი მოწმე – „შერატონის“ პერსონალი.
– დადასტურდა, რომ შემთხვევის ადგილზე „შერატონის“ ადმინისტრაციას არ გამოუძახებია პოლიცია. პოლიციისთვის შეტყობინება განახორციელა ადგილზე მოსულმა ჩვენმა თანაგუნდელმა 01:44 წთ-ზე.
– დადასტურდა, რომ გამოძიებას ერთი განჩინებით უკვე გამოთხოვილი და საქმეში ჩადებული ჰქონდა ვიდეოჩანაწერები და მე-2 – ამოღების განჩინება დასჭირდათ ვიდეომტკიცებულების მთავარი წყაროს სრულად ამოსაღებად, რომ მასთან პოტენციური წვდომა შეეზღუდათ ყველასთვის. შეგახსენებთ, რომ სამართალდამცავ ორგანოებთან კოორდინაციაში მყოფი „შერატონ ბათუმი“ სწორედ ამოღების განჩინების მიღებამდე შეგნებულად აჭიანურებდა მასალების გადმოცემის პროცესს.
– ორივე განჩინებით, გამოთხოვილი და ამოღებული ინფორმაცია, საგამოძიებო მოქმედებების ოქმებში მითითებულია დალუქული სახით ისე, რომ საქმეში არ გახსნილა. შესაბამისად, დოკუმენტურად მასთან წვდომა არ ჰქონიათ საქმის გამომძიებლებსა და პროკურორებს.
– დადასტურდა, რომ გიორგი გახარიას საქმეში გამოკითხვა მოხდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ვიდეომტკიცებულებები სრულად ამოიღეს „შერატონიდან“, ხოლო მისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება და საქმის მასალების გაცნობა მხოლოდ მას შემდეგ – რაც ვიდეომტკიცებულებები დასამალად გაგზავნეს ექსპერტიზაზე.
– დადასტურდა, რომ „შერატონ ბათუმიდან“ სახელდახელოდ ამოღებულია, პირდაპირი მნიშვნელობით ამოგლეჯილია სერვერული ინფრასტრუქტურა, 36 ე.წ. DVR დისკი, 200-მდე ტერაბაიტი მოცულობის ჩანაწერები, რომელიც შეიცავს 8 ოქტომბრიდან მოყოლებული სასტუმროს მიერ დამუშავებულ, ასობით სტუმრის პერსონალურ ინფორმაციას.
ჩვენი პარალელური გამოძიება აქტიურად აგრძელებს მუშაობას მტკიცებულებების მოსაპოვებლად.
აქვე, კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს, რომ ჩვენ არ გვაინტერესებს ამ დანაშაულის შემსრულებლები, ჩვენი სამიზნეა ამ დანაშაულის დამკვეთი, ამ პოლიტიკური შურისძიების აქტის ავტორი – ბიძინა ივანიშვილი, რომლის საქმიდან სუფთად გაყვანასაც ცდილობს სისტემა. კიდევ ერთხელ ვპირდებით, რომ ეს ასე ვერ მოხდება“,-განაცხადა სიჭინავამ.
ცნობისთვის, გიორგი გახარიას თავს 15 იანვარს, სასტუმრო „შერატონში“ დაესხნენ. გახარია კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა საავადმყოფო მალევე დატოვა. ექიმის განცხადებით, მას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა ჰქონდა. ერთ-ერთი პირი, რომელიც გახარიასთან ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობდა, „ქართული ოცნების“ დეპუტატი დიმიტრი სამხარაძეა. გარდა გიორგი გახარიაზე თავდასხმისა, ამავე სასტუმროში დაპირისპირება მოხდა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელ ზვიად ქორიძესთან. ქორიძის ინფორმაციითაც, მას „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი დიმიტრი სამხარაძე და მისი თანმხლები პირები დაუპირისპირდნენ.
