დღეს პატიმრობის გამოყენების მოლოდინი, რა თქმა უნდა, გვქონდა – ჩვენ ხომ არ გვაქვს მოლოდინი, რომ ყვარყვარე თუთაბერისგან განსხვავებული მართლმსაჯულების სისტემა გვაქვს ან სხვა ადამიანი გვმართავს – ეს არის ერთი სისტემა, ერთი ჭანჭიკის ორი ნაწილი, რომელიც მართლმსაჯულებაში გადაწყვეტილებებს იღებს , – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის” წევრმა, გიორგი გახარიას ადვოკატმა ბერდია სიჭინავამ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ფაქტობრივი მტკიცებულებებიც კი არ არსებობდა, რომელიც ობიექტურ პირს გიორგი გახარიას ბრალეულობაში რაიმე ფორმით დაარწმუნებდა.
„პროკურატურა, სასამართლო – არ არსებობს, ეს არის თავიდან ბოლომდე პოლიტიკური მდგენელით გაჟღენთილი საქმე. აქ სამართლებრივ პროცესებზე, არგუმენტებზე, მტკიცებულებებზე საუბარიც არ არის. დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი კი არა ფაქტობრივი მტკიცებულებებიც არ არსებობდა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა გიორგი გახარიას ბრალეულობაში რაიმე ფორმით. გიორგი გახარიას კი არ ედავებიან – საქართველოს ედავებიან. ეს საქმე იქნება პრეცედენტი, რომელსაც ნახავთ, როგორ გამოიყენებს ცხინვალის საოკუპაციო მარიონეტული რეჟიმი. ეს იქნება საქართველოს დაზიანება, რაც დღეს პროკურატურამ და სასამართლომ გააკეთა. ორჯერ დაგვჭირდა ახსნა, ვერ გავიგეთ რას ამბობდა მოსამართლე გადაწყვეტილების მიღების დროს, თუმცა ცხადი იყო, რომ პატიმრობას უფარდებდა“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
როგორც სიჭინავამ განმარტა, დაცვის მხარე ოქმს გამოითხოვს, რადგან მათთვის მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ნაწილი გაუგებარია.
„ოქმი უნდა გამოვითხოვოთ, რადგან დასაბუთების ნაწილი ვერ გავიგეთ. განჩინების ნაწილში იმედი მაქვს, უფრო ვრცლად იქნება საუბარი. ძირითადი აქცენტი მიმალვის საფრთხეზე გააკეთეს, მაშინ, როცა პროკურატურას ამ საქმეზე არც ერთხელ არ დაუბარებია გამოკითხვაზე. საგამოძიებო კომისიაზე მივიდა – ერთხელ, მეორედ. 20 ივნისის საქმეზე ორჯერ არის დაკითხული და საუბარი მიმალვის საფრთხეზე და აბსტრაქტული დასაბუთება, რომ თითქოს გახარია დაიმალებოდა, რა თქმა უნდა მიუღებელია“, – განაცხადა სიჭინავამ.
მისივე თქმით, ამ სასამართლოს პირობებში განსაკუთრებული მოლოდინი არ დაცვის მხარეს არ აქვს, თუმცა აპირებენ, რომ შიდა სახელმწიფო რესურსები ამოწურონ იმისთვის, რომ ადამიანის უფლებათა სასამართლოსთვის მიმართვა შეეძლოთ.
„წინა სასამართლო სხდომის თარიღი განსაზღვრულია. აუცილებლად მოვიპოვებთ მტკიცებულებებს, რომელიც პირდაპირ ამართლებს გიორგი გახარიას და შეთითხნილი, ბინძური ე.წ მტკიცებულებები, რომელიც საქმეშია, რა თქმა უნდა, ნაცარტუტად გადაიქცევა ობიექტური სასამართლოს პირობებში. ამ სასამართლოს პირობებში განსაკუთრებული მოლოდინი არ გვაქვს, მაგრამ შიდა სახელმწიფო რესურსები უნდა ამოვწუროთ იმისთვის, რომ ადამიანის უფლებათა სასამართლოსთვის მიმართვა შეგვეძლოს“, – განაცხადა სიჭინავამ.
კითხვაზე, მოითხოვს თუ არა დაცვის მხარე გიორგი გახარიას დისტანციურ რეჟიმში ჩართვას და გამოკითხვას, სიჭინავამ განმარტა, რომ თუ გამოძიება რეალურად არის დაინტერესებული გიორგი გახარიას პასუხებით, პრობლემა არ იქნება.
„თუ სასამართლოს ექნება სურვილი [გიორგი გახარიას დისტანციურად ჩართვის], რა თქმა უნდა გვექნება მოთხოვნა. გიორგი გახარიას თავისი არგუმენტები აქვს, არასდროს დამალვია კითხვებს. თუ რეალურად არიან გახარიას პასუხებით დაინტერესებული, რა პრობლემაა, რომ გამოძიებას მისცეს ჩვენება“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდზე, ყოფილ პრემიერ-მინისტრს, „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა.
რაც შეეხება გახარიას მიმართ წარდგენილ კიდევ ერთ ბრალდებას მეორე საქმეზე, რომელიც 20 ივნისის აქციის დარბევას უკავშირდება, სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს, 20:00 საათზე იმსჯელებს.




