ჩვენს პარტიას მამუკა ხაზარაძის წინაშე არ აქვს რაიმე ტიპის ვალდებულება აღებული, ერთადერთი ვალდებულება გვაქვს ამ ქვეყნის ისტორიული მომავლის წინაშე, – ასე გამოეხმაურა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ბერდია სიჭინავა „ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებას: „რჩები პარლამენტში?! – ხარ ბიძინას რუსული პროექტი!“.
ბერდია სიჭინავას თქმით, „გახარია საქართველოსთვის“ ვინმეს პოლიტიკურ დღის წესრიგსა და „ემოციურ ყიჟინას არ არის აყოლილი“.
„ჩვენ ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგი გვაქვს, არ ვართ ვინმეს ემოციურ ყიჟინასა და პოლიტიკურ დღის წესრიგს აყოლილი და რაღაც სადღეგრძელოები არ გვჩვევია. ჩვენი „ჰო“ არის „ჰო“ და „არა“ არის „არა“ და ამას არ ჭირდება დამატებითი ფიცი, მტკიცება რაღაცების და პოლიტიკურ ვაგხანალიაში შესვლა. ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენი პოლიტიკური გზა გვაქვს გასავლელი. ჩვენ არც იმას ვეთანხმებოდით, სიების ჩახსნის გიჟური კამპანია რომ წამოიწყეს. ყველას გადაწყვეტილებას ვცემთ პატივს, ყველას ბრძოლას ვცემთ პატივს, მაგრამ ეს ამ პარტიის ინდივიდუალური გადასაწყვეტია. ჩვენს პარტიას მამუკა ხაზარაძის წინაშე არ აქვს რაიმე ტიპის ვალდებულება აღებული, ერთადერთი ვალდებულება გვაქვს ამ ქვეყნის ისტორიული მომავლის წინაშე და ჩვენი მხარდამჭერების წინაშე.
მე სპეციალურად არ შევალ ასეთი ტიპის სპეკულაციაში იმიტომ, რომ ამაზე ბევრად მაღლა ვდგავართ, ამაზე ბევრად მაღალი მიზანი გვაქვს ვიდრე მამუკა ხაზარაძის დაწერილ სტატუსებს განვიხილავდეთ. არასერიოზულია ეს ყველაფერი. ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა იმ მოქალაქეების წინაშე, რომლებიც თავს დაჩაგრულად გრძნობენ, ნაცემად, გაძარცვულებად. ჩვენ როცა ვამბობ, რომ პარლამენტში არ შევდივართ, ესე იგი არ შევდივართ. შევედით რომელიმე პარლამენტში, კომიტეტში, დელეგაციაში? ხელფასს ვიღებთ ამ საქმიანობიდან? რა უნდათ? მთავარი მიზანი ხომ ისაა, რომ პარლამენტს ლეგიტიმაცია არ აქვს? პარლამენტის ლეგიტიმაციას ის არ წყვეტს ბადრი ჯაფარიძეს ან მამუკა ხაზარაძეს შეუწყდება თუ არა ლეგიტიმაცია. 5 თებერვლამდეც არალეგიტიმური იყო პარლამენტი და 5 თებერვლის შემდეგაც არალეგიტიმურია“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
რაც შეეხება სოციალურ ქსელში გავრცელებულ „ქარდს“, რომ „49 ნაცი პარლამენტიდან გაძევებულია, დარჩენილია 89 ნაცი“, ბერდია სიჭინავა აცხადებს, რომ აღნიშნული ქარდი მხარდამჭერის გვერდზე გავრცელდა და „ბანერებზე გამოკიდება არ არის სერიოზული პოლიტიკა“.
„ეს[ბანერი] დაიდო ჩვენი ერთ-ერთ მხარდამჭერის გვერდზე, რომელსაც „ფანფეიჯი“ აქვს გაკეთებული. ეს იყო არაოფიციალური გვერდი. ეს ბანერი „ქართული ოცნების“ ბანერზე პასუხი იყო და ჩვენმა ერთ-ერთმა მხარდამჭერმა დადო. ამას რა ისტერიაც მოყვა, პარალელურ სამყაროში მგონია თავი. ორი დღეა რაღაც ტიპის ქარდს განვიხილავთ, რომელიც მხარდამჭერმა დადო. ამ ქარდის ადრესატი „ქართული ოცნება“ იყო. სერიოზულ პოლიტიკას თუ ვაკეთებთ, ბანერებზე გამოკიდება ვერ წარმომიდგენია, რომ სერიოზული პოლიტიკაა“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.