ბერდია სიჭინავა – არ არსებობს ერთი მტკიცებულებაც კი, რომელიც დაადასტურებდა იმას, რომ გიორგი გახარიამ უკანონოდ აღმართა საქართველოს ტერიტორიაზე სტანდარტული საპოლიციო საგუშაგო

არ არსებობს ერთი მტკიცებულებაც კი, რომელიც დაადასტურებდა იმას, რომ გიორგი გახარიამ უკანონოდ აღმართა საქართველოს ტერიტორიაზე სტანდარტული საპოლიციო საგუშაგო, – ამის შესახებ ე.წ. ჩორჩანას საქმეზე ბრალდებული ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას ადვოკატმა, ბერდია სიჭინავამ სასამართლო პროცესის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ეს საქმე არა მართლმსაჯულება, არამედ პოლიტიკური შურისძიების ტრიბუნალია.
„ღალატს სიჩუმე და დამალვა ახასიათებს, მაგრამ ჩორჩანას საქმესთან დაკავშირებით, განსაკუთრებულად ხმაურობს საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატი და ეს საქმე, დოკუმენტურად დადასტურებული ღალატია.
გუშინ ბოლო შეხვედრა იყო 2025 წლის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფორმატში, სადაც პირველად, ქართულმა მხარემ დამალა თუ რა პოზიციები ჰქონდა ე.წ. სამხრეთ ოსეთის დელეგაციის წარმომადგენლებს, ჩორჩანას საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ ვეცნობით ახალ ამბებს სამხრეთ ოსეთის სააგენტოებისგან, საიდანაც დადასტურდა, რომ მათ გაცხადებული აქვთ პრეტენზიები ჩორჩანასთან დაკავშირებით და პოზიტიურ ნაბიჯად აფასებენ გიორგი გახარიას მიმართ დაწყებულ სისხლის სამართლებრივ დევნას და იმედს იტოვებენ, რომ საგუშაგო აღებული იქნება.
ეს არა მართლმსაჯულება, არამედ პოლიტიკური შურისძიების ტრიბუნალია. პროკურატურას გამოძიებისთვის დრო არ ეყო და კვლავ ითხოვენ საგამოძიებო ვადის გაზრდას და ეს განჩინება სასამართლომ უკვე მიიღო. ახლა ეძებენ მტკიცებულებებს საქმეში, რომელიც ბუნებრივად არ არსებობს.
ამ საქმეში არ არსებობს ერთი მტკიცებულებაც კი, რომელიც დაადასტურებდა იმას, რომ გიორგი გახარიამ უკანონოდ აღმართა, საქართველოს ტერიტორიაზე, სტანდარტული საპოლიციო საგუშაგო.
ჩორჩანაში პირველი სადღეგრძელო საგუშაგოსი და იმ საგუშაგოში მყოფი ადამიანების ისმება, რომლებიც იცავენ საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოებას.
ეს შეკვეთილი პოლიტიკური მართლმსაჯულებაა, გიორგი გახარიას წინააღმდეგ.
ამ სასამართლოს სამართლიანობის იმედი არ გვაქვს, მაგრამ ყველაზე მეტად იხმაურებს სამშობლოს ღალატის ის აქტი, რომელსაც ჩორჩანას საქმესთან სჩადის საქართველოს პროკურატურა, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმთან ერთად, რადგან ზუსტად ემთხვევა მათ მიერ წამოყენებული ბრალდებები”,- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
ინფორმაციისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილი პრემიერ-მინისტრისთვის, გიორგი გახარიასთვის დაუსწრებლად აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული – პატიმრობა ძალში დატოვა.