21 დეკემბერს, მარია კიურის სახელობის სამოქალაქო საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში ერთ-ერთ მედდას პაციენტის ქალიშვილი დაესხა თავს. ამ შემთხვევის შესახებ საავადმყოფო პრესრელიზში საუბრობს: „ინციდენტი თაბაშირის დადების დროს მოხდა, როდესაც ჩვენი ერთ-ერთი ექთანი დაშავებულ 80 წლის პაციენტს მკურნალობდა. მისი მუშაობის მეთოდის კრიტიკის შემდეგ, პაციენტის ქალიშვილმა ხმა აიმაღლა. მოგვიანებით, ჩვენმა თანამშრომელმა მხარში ძლიერი დარტყმა მიიღო, შემდეგ მას კიდევ რამდენჯერმე დარტყეს და ხელები დაუკაწრეს“. პრესრელიზში ასევე წერია: „პერსონალის მიმართ სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობის შემთხვევების მნიშვნელოვანი ზრდის გათვალისწინებით, მენეჯმენტი გამოხატავს შეურიგებლობას ასეთი მიუღებელი ქცევის მიმართ“. თანამშრომლის მხარდასაჭერად, საავადმყოფომ სასამართლოში სამოქალაქო სარჩელი შეიტანა.
აგრესიის ასეთმა გამოვლინებებმა ბოლო პერიოდში ძალიან იმატა. ინციდენტები, უფრო ხშირად, გადაუდებელი დახმარების განყოფილებებში ხდება, სადაც ლოდინის დრო შედარებით დიდია. რამდენიმე დღის წინ, პაციენტმა აქ სხვა მედდას შეაფურთხა. „ნამდვილად ასეა, დერეფნებში ბევრი ადამიანია, ვინც წუწუნებს და უკამაყოფილებას გამოხატავს“, – აღიარა ერთ-ერთმა პაციენტმა. „ერთხელ ოფთალმოლოგიის განყოფილებაში მოვიდა მამაკაცი, რომელსაც საბუთები თან არ ჰქონდა და როდესაც უთხრეს, რომ უკან უნდა გაბრუნებულიყო, მან პერსონალს უცენზურო სიტყვებით მიმართა“, – ამბობს მეორე პაციენტი.
მარია კიურის სახელობის სამოქალაქო საავადმყოფო ერთადერთი სამედიცინო დაწესებულება არ არის, სადაც ეს პრობლემა აწუხებთ. 2023 წელს ბელგიაში საავადმყოფოს პერსონალის მიმართ ძალადობის 761 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც თითქმის 200-ით მეტია, ათი წლის წინანდელთან შედარებით. „ტონის აწევა ხშირად ხდება. ყვირილი და შეურაცხყოფაც გახშირდა. მაგრამ განსაკუთრებით შემაშფოთებელია ფიზიკური აგრესიის ზრდა. უკმაყოფილო და განრისხებული ადამიანები იქამდე მიდიან, რომ სამედიცინო პერსონალს ფიზიკურად უსწორდებიან“, – ამბობს მარია კიურის სახელობის საავადმყოფოს საექთნო განყოფილების დირექტორის მოადგილე, ნუნციო ბიონდო. „მედპერსონალზე ძალადობის პრობლემა ნამდვილად არსებობს. თუ ასე გაგრძელდება, ექთნები სამსახურს მიატოვებენ. ჩვენ არ ვართ ერთადერთი, ვინც ამ პრობლემას აწყდება – სასწრაფო დახმარების მძღოლებიც იგივე დილემის წინაშე დგანან“, – ამბობს ამავე საავადმყოფოს აღმასრულებელი დირექტორი, ფრედერიკ ფლამანდი.
ძალადობის შემთხვევების ზრდის კვალობაზე, საავადმყოფოში უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა და მოძაალდე პაციენტებთან გასამკლავებლად, პერსონალს ტრენინგები უტარდება.
წყარო: 1tv.ge