საპატიმრო დატოვა, ასევე, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატმა, ალეს ბიალიაცკიმ – როგორც უფლებადამცველი ორგანიზაცია “ვესნა” წერს, მან პატიმრობაში 1613 დღე დაყო.
“ვესნას” მონაცემებით, შეწყალებულთა შორის ასევე არიან ადვოკატი მაქსიმ ზნაკი, ბელორუსული პორტალის, TUT.BY-ის მთავარი რედაქტორი, მარინა ზოლატავა, უფლებადამცველი ვალენცინ სტეპანოვიჩი და პოლიტოლოგი ალიაქსანდრ ფიადუტა.
ბელარუსის ავტორიტარი ლიდერის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას პრესსამსახურის ტელეგრამის არხის, “პულ პერვოვოს” მონაცემებით, საერთო ჯამში ლუკაშენკამ შეიწყალა 123 მსჯავრდადებული, რომლებიც გასამართლდნენ “სხვადასხვა მიმართულების დანაშაულთა ჩადენისთვის – ჯაშუშური, ტერორისტული და ექსტრემისტული მოქმედებებისთვის”. გათავისუფლებულთა ზუსტი სია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.
ბელარუსის ოპოზიციის ლიდერის, სვიატლანა ციხანოუსკაიას მრჩეველი, დზიანის კუჩინსკი იუწყება, რომ ყველა გათავისუფლებული პოლიტპატიმარი “ბელარუსის გარეთ, უსაფრთხოდ იმყოფება”. გამოცემა “ზერკალოს” თანახმად, კალესნიკავა, ბაბარიკა და ზნაკი უკრაინაში წაიყვანეს.
გათავისუფლებულთა შორის უკრაინის ხუთი მოქალაქეა – იუწყება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი. “აშშ-ის აქტიური როლისა და ჩვენი სადაზვერვო უწყებების თანამშრომლობის შედეგად ამჟამად მშვიდობას იბრუნებს ასამდე ადამიანი, მათ შორის, ხუთი უკრაინელი”, – წერს ზელენსკი ტელეგრამით.
ლუკაშენკას პრესსამსახურის ცნობით, პატიმართა გათავისუფლების გადაწყვეტილება მიღებულია აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან მიღწეული შეთანხმებების ფარგლებში – რომლებიც უკავშირდება სანქციების მოხსნას კომპანია “ბელარუსკალიისთვის”.
პოლიტპატიმართა გათავისუფლების თაობაზე განცხადება გაკეთდა აშშ-ის პრეზიდენტის საგანგებო წარმომადგენლის, ჯონ კოულისა და ლუკაშენკას მინსკში შეხვედრის შემდეგ.
ფორუმი




