” ბევრმა კომპანიამ თავი შეიკავა ინვესტიციების განთავსებაზე და ეს, მერე, წლების განმავლობაში დაგვარტყამს უკან და ძალიან მწარედ დაგვარტყამს. დროზე თუ არ გამოვედით ამ კრიზისიდან”, – ამის შესახებ “ბიზნესის კვირეულში” Energy Solutions-ის ხელმძღვანელმა, გიორგი აბრამიშვილმა განაცხადა.
აბრამიშვილი თვლის, რომ არსებული კრიზისიდან გამოსავალი, მხოლოდ დაკავებულთა განთავისუფლება და ხელახალი არჩევნებია.
” იმდენად მძიმე მდგომარეობაა, რომ არ შეიძლება ამაზე ბიზნესმა ხმა არ აიმაღლოს. მეორეს მხრივ, მინდა ამ ყველაფერს შევხედოთ ეკონომიკურ ჭრილში.
გრძელვადიან პერსპექტივაში რომ დავინახოთ, ვერც ერთ შემთხვევაში ვერ იქნება ჩინური და რუსული ფული დასავლეთის ფულის საპირწონე და თუ ჩაანაცვლებს, რა ფასი ექნება ამ ფულს? აქ, ვგულისხმობ არა მხოლოდ პირდაპირ პროცენტს, რომელიც სხვათა შორის, არც ისე დაბალი არის, ვგულისხმობ პოლიტიკურ და სხვა ფასს.
ჩემი ბიზნესი ორივე შემთხვევაში გრძელვადიანი, ფინანსურად ტევადი და საკმაოდ ტლანქიცაა. ის, რა შედეგებს გამოიწვევს ეს კრიზისი და ეს მდგომარეობა ამას შემდეგ დავინახავთ, წლებთან ერთად, როგორც ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სამ წლიანი მორატორიუმის დროს. მაშინაც, არასწორი მართვიდან გამომდინარე მოხდა ის, რომ ჩვენ საერთაშორისო ფინანსურ ორგანიზაციებთან გვქონდა მორატორიუმი პირდაპირ ხელშეკრულებებზე და ახლა, ჩვენ ვიწვნევთ ამას, რომ 30 მგვტ შევიდა მხოლოდ ექსპლუატაციაში, რაც ძალიან ცოტაა. მეორეს მხრივ, მოხმარება ძალიან სწრაფად იმატებს და საბოლოოდ მივდივარ იმ შედეგამდე, რომ იზრდება ჩვენი დამოკიდებულება რუსეთზე. ისე, როგორც იმპორტი და ბიზნესი ბოლო წლებში რუსეთზე მზარდი დამოკიდებულებით ხასიათდება.
ბევრმა კომპანიამ თავი შეიკავა ინვესტიციების განთავსებაზე და ეს, მერე, წლების განმავლობაში დაგვარტყამს უკან და ძალიან მწარედ დაგვარტყამს. დროზე თუ არ გამოვედით ამ კრიზისიდან”, – განაცხადა აბრამიშვილმა.
მისივე თქმით, თავისუფალი ბიზნესის ორი მთავარი მოთხოვნა: დაკავებულების ახალ წლამდე განთავისუფლება და ხელახალი არჩევნები კრიზისის განმუხტვისთვის ერთადერთი გამოსავალია.