ბახმაროში, სახელმწიფოს კუთვნილი მიწის თვითნებურად დაკავების მცდელობისთვის ორი პირი დააკავეს – სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ინფორმაციით, დააკავეს “კურორტ ბახმაროს” დირექტორის მოადგილე და კიდევ ერთი მოქალაქე. ამ უკანასკნელს თაღლითობის მცდელობა ედება ბრალად, კურორტის დირექტორის მოადგილეს კი – მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა.
უწყების ინფორმაციით, დაკავებული პირი ერთ-ერთ მოქალაქეს დაჰპირდა, რომ დახმარებოდა ბახმაროში, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის სარგებლობაში უკანონოდ გადაცემასა და შესაბამისი ნებართვის გარეშე კოტეჯების მშენებლობაში. სანაცვლოდ, მან 11 000 დოლარი მოითხოვა, აქედან 7 000 დოლარი კი – წინასწარ.
“მისი დაპირებით, თანხის გადაცემის შემდეგ, შესაძლებელი იქნებოდა სახელმწიფოს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე კოტეჯის უკანონოდ აშენება, რის გამოც როგორც მშენებლობის პროცესში, ისე მისი დასრულების შემდეგ, მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურების მხრიდან მოქალაქეს პრობლემა არ შეექმნებოდა”, – წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სუს-ში ამბობენ, რომ დაკავებულმა თანხის ნაწილი – 7000 აშშ დოლარი ორი დღის წინ, 6 ნოემბერს მიიღო. ამის შემდეგ, ის შეხვდა “კურორტ ბახმაროს” დირექტორის მოადგილეს და კურორტის ტერიტორიაზე უკანონო მშენებლობის მფარველობის სანაცვლოდ თანხის
ნაწილის გადაცემა შესთავაზა.
“კურორტ ბახმაროს” დირექტორის მოადგილემ ვეღარ გაბედა თანხის აღება, მიზეზად კი ბრალდებულს ახალი ხელმძღვანელობა – მუნიციპალიტეტის ახალი მერი და მისი მოადგილეები დაუსახელა. მასთან დაშორების შემდეგ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა მისთვის ცნობილი მძიმე დანაშაულის ჩადენის შესახებ”, – აცხადებენ სუს-ში.
უწყებაში აცხადებენ, რომ საკურორტო ზონებში “ხშირია სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების
თვითნებურად დაკავების, უკანონოდ გასხვისებისა და მშენებლობის შემთხვევები”.
“მოვუწოდებთ ყველა იმ მოქალაქეს, ვინც აპირებს საკურორტო ზონებში თუ სხვა ნებისმიერ ადგილას სახელმწიფოს კუთვნილი მიწების უკანონოდ მისაკუთრებას, უკანონო მშენებლობების წარმოებას და მსგავს ქმედებებს – უარი თქვან დანაშაულებრივი განზრახვის აღსრულებაზე და დაემორჩილონ კანონს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მოუწევთ შეეგუონ მკაცრ სასჯელს”, – აცხადებენ უწყებაში.