თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას მეუღლე, ანი ნადარეიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში (სუს) გამოკითხვაზე მივიდა.
“ყველაფერი რაც დღეს გააკეთეს, ბაჩო ახალიაზე ზეწოლაა” – თქვა ნადაირეშვილმა.
“არანაირი საერთო არ მაქვს. საერთოდ, არ მჯერა მაგ სამალავების”. – ასე უპასუხა ნადარეიშვილმა ჟურნალისტის შეკითხვას “რა საერთო აქვს მას სამალავების საქმესთან”.
“მაინტერესებს რას მკითხავენ, ეს სპექტაკლი რაც დადგეს, დღეს მთელი დღე, ფსიქოლოგიური ტერორი რაც ჩვენს ოჯახს გაუკეთეს, [დაბარებას] ამას ვუკავშირებ. ალბათ ეს იქნება ამ სპექტაკლის დასასრული”. – თქვა ნადარეიშვილმა.
ნადარეიშვილის თქმით, საერთოდ არ იცის ამ საქმეზე ბრალდებული პირი და მის შესახებ პირველად ესმის.
რაც შეეხება 4 ოქტომბერს, ნადარეიშვილის თქმით, არანაირ ორგანიზებაში ჩართული არ ყოფილა.
ბაჩო ახალიას მეუღლემ ანი ნადარეიშვილმა დღეს, 10 ოქტომბერს, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს.
“ტყეში რომ თავისი ჩათხრილი იარაღი ამოთხარეს, მაგ საქმეზე მიბარებენ თურმე” – დაწერა ნადარეიშვილმა.
პარალელურად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) წარმომადგენლები პაატა ბურჭულაძესთან და მურთაზ ზოდელავასთან გამოკითხვაზე არიან შესულები.
“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან გამოკითხვაზე პაატა ბურჭულაძესთან და მურთაზ ზოდელავასთან, იმავე საქმეზე, რაზეც უწყებაში, გამოკითხვის მიზნით, დაბარებულია ბაჩო ახალაიას მეუღლე” – უთხრეს ტაბულას უწყებაში.
რაც შეეხება სამთავრობო მედიის მიერ გავრცელებულ ჩანაწერს, ნადარეიშვილის თქმით, ჩანაწერი ყალბია და “სპექტაკლია, ფარსია, რასაც დგამენ”.
“მანამდეც იყო ბაჩო ახალაიას სახელი ნახსენები რაღაც პარლამენტის მაკეტებთან და ჰექსოგენებთან დაკავშირებით – ეს ვერ განავითარეს და მერე გამოაგდეს რაღაც ჩანაწერი, რომელიც თავიდან ბოლომდე, 1000%-ით ყალბია, ამას მთელი პასუხისმგებლობით გეუბნებით, საერთოდ არ არის ბაჩოს ხმა” – თქვა ნადარეიშვილმა.