ბაჩიაშვილს ახალი ბრალი წარუდგინეს, “დაზარალებული” კვლავ ივანიშვილია

საქართველოს პროკურატურამ თანაინვესტირების ფონდის ყოფილ გენერალურ დირექტორს გიორგი ბაჩიაშვილს, “სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობის” ფაქტზე ბრალდება წარუდგინა.
პროკურატურის განცხადებით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2013 წლის მაისში, ს ინიციატივით, საქართველოში მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტების განხორციელების მიზნით, შპს ,,ჯი სი ეფ პარტნიორები“ – იგივე თანაინვესტირების ფონდი დაფუძნდა. დაფუძნების დღიდან 2019 წლის მაისამდე ფონდის გენერალური დირექტორის თანამდებობას გიორგი ბაჩიაშვილი იკავებდა და შემდგომ 2023 წლამდე ამავე ფონდის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარეც იყო. 2014 წლის ნოემბერში, თანაინვესტირების ფონდმა კომპანია ,,ჯი სი ეფ ლუქსემბურგთან“ წერილობითი შეთანხმება გააფორმა, რომლითაც კომპანიის მიერ საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების, ასევე არსებული აქტივების სწორად და ეფექტურად მართვაზე პასუხისმგებლობა აიღო.
“იმავე წელს, კომპანია ,,ჯი სი ეფ ლუქსემბურგმა“ გიორგი ბაჩიაშვილის ინიციატივით შპს ,,მტკვარი ჰესის“ წილი შეიძინა, რომელიც ახალციხეში მდინარე მტკვარზე ასაშენებელ ჰესის პროექტს ფლობდა. თავდაპირველი გათვლებით მტკვარი ჰესი მომგებიან საინვესტიციო პროექტს წარმოადგენდა, რომლის აშენების ღირებულება დაახლოებით 140 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენდა და ჰესი ექსპლუატაციაში 2019 წელს უნდა შესულიყო.
მტკვარი ჰესის პროექტის შეძენამდე, თანაინვესტირების ფონდის დაკვეთით, ჰესის პროექტის ექსპერტიზა და შესაბამისი კვლევები ჩატარდა, რის შედეგადაც არაერთი მნიშვნელოვანი, ასევე არსებითი ხასიათის რისკი და საფრთხეები გამოვლინდა, გამოვლენილი რისკები სავალდებულოდ უნდა გათვალისწინებულიყო როგორც ჰესის მშენებლობის დაწყებისას, ასევე მიმდინარეობის პროცესში.
მიუხედავად იმისა, რომ გიორგი ბაჩიაშვილი, როგორც თანაინვესტირების ფონდის გენერალური დირექტორი, სრულად იყო პასუხისმგებელი,,ჯი სი ეფ ლუქსემბურგის“ საინვესტიციო პროექტების და აქტივების სწორად და ეფექტურად მართვაზე, იგი არაჯეროვნად ასრულებდა მისდამი დაკისრებულ მოვალეობას და არც ჰესის მშენებლობის დაწყებისას და არც შემდგომ პერიოდში, არ მიიღო შესაბამისი და აუცილებელი ზომები იდენტიფიცირებული რისკების თუ საფრთხეების აღმოსაფხვრელად, რაც ჰესის მშენებლობის პროცესს უკავშირდებოდა.
შედეგად მტკვარი ჰესის საინვესტიციო მოცულობა და ექსპლუატაციაში შესვლის პერიოდი შეუსაბამოდ გაიზარდა, რაც ნეგატიურად აისახა პროექტის მომგებიანობაზე და მისი საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 100 მილიონი ამერიკული დოლარით – 240 მილიონ ამერიკულ დოლარამდე გაიზარდა, საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ მიუხედავად კოლოსალური დანახარჯებისა ჰესი ექსპლუატაცია დღემდე არ შესულა, შედეგად კი არსებითად დაზიანდა ინვესტორის კანონიერი ინტერესები”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
გიორგი ბაჩიაშვილს ბრალი საქართველოს სსკ-ის 2201-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა, რაც სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“აქვე გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი მიმდინარე გამოძიების ფარგლებში აგრძელებს მართლსაწინააღმდეგო მითვისების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტების შესწავლას, მათ შორის შესაბამისი სამართლებრივი დახმარების ფარგლებში უცხო სახელმწიფოების კომპეტენტური ორგანოებისათვის მიმართვის გზითაც.
გამოძიების საწყის ეტაპზევე პროკურატურამ სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობით მიმართა შვეიცარიის კონფედერაციის კომპეტენტურ უწყებებს, შვეიცარიაში მდებარე BANK JULIUS BAER-დან საქმეზე მნიშვნელოვანი მტკიცებულებების, მათ შორის გიორგი ბაჩიაშვილის საბანკო ანგარიშებთან დაკავშირებული ინფორმაციის გადმოცემის მოთხოვნით.
გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ პერიოდულად მოვახდენთ საზოგადოების ინფორმირებას”, – აცხადებენ პროკურატურაში.
ბიძინა ივანიშვილის “თანაინვესტირების ფონდის” ყოფილმა დირექტორმა გუშინ განაცხადა, რომ პროკურატურა მისთვის ახალი ბრალის წარდგენას აპირებს.
ბაჩიაშვილის შეფასებით, ახალი საქმის დაწყება იმისთვის გახდა საჭირო, რომ მის წინააღმდეგ მიმდინარე საქმე უპერსპექტივოა. თუმცა ბაჩიაშვილი ასევე ამბობს, რომ მისთვის ახალი გამოგონილი ბრალდებების წარდგენა “უფრო ამძიმებს მის [ბიძინა ივანიშვილის] მდგომარეობას.
“მტკვარის საქმე კიდევ უფრო ბედკრული არის. რა თქმა უნდა, იქაც არანაირი საბუთი არ არსებობს. უბრალოდ, სიტყვიერად ამბობს ივანიშვილი, რომ პროექტის ბიუჯეტი გაიზარდა და ალბათ, ბაჩიაშვილმა მიითვისა თანხაო. აქ უკვე ინვესტორი ივანიშვილია, მაგრამ ბაჩიაშვილს ედავება თანხის მითვისებას […] ეს უფრო ამძიმებს მის მდგომარეობას. ამას ნებისმიერი დამოუკიდებელი სასამართლო და, მით უმეტეს, სტრასბურგის სასამართლო, ამგვარ ზეწოლას და სასამართლო და სამთავრობო რესურსების ამგვარ გამოყენებას, რასაც ივანიშვილი აკეთებს, ცალსახად მიიღებს მხედველობაში”, – განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა “ფორმულას ეთერში.
ბაჩიაშვილმა, ასევე, თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილი ორი რამეზე “არის შეშლილი” – ფულსა და ძალაუფლებაზე.
რამდენიმე კვირის წინ, იგივე თქვა ივანიშვილთან წარსულში დაახლოებულმა კიდევ ერთმა ადამიანმა, ექსპრემიერმა გიორგი გახარიამ.
“ამ ადამიანმა ფულის მოხვეჭას და ფულის დაცვას გადააყოლა ჩვენი ქვეყნის მომავალი”, – თქვა გახარიამ ივანივილ-ბაჩიაშვილის სასამართლო დავის შეფასებისას.
თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი, რომელიც 2023 წელს დაიწყო, ცოტა ხნის წინ განახლდა. საქმე ეხება დიდი ოდენობით, კერძოდ, 8 253.13 ბიტკოინის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას. აღნიშნული ბიტკოინის ღირებულება, პროკურატურის ცნობით, მითვისების მომენტში 39 215 820 დოლარს შეადგენდა.
ბაჩიაშვილი ბრალს არ აღიარებს და თავს მიიჩნევს პოლიტიკური დევნის მსხვერპლად. როგორც ის ამბობს, სისხლის სამართლის დევნის დაწყების შემდეგ მის ადვოკატს ივანიშვილის წარმომადგენელმა წერილი მისწერა, სადაც მისგან დიდი ოდენობის თანხის ბიტკოინებს ითხოვდა, რაზეც მან უარი განუცხადა.