ბაჩიაშვილი რუსთავის ციხიდან გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს

“ბიტკოინების საქმეზე” 11 წლით მსჯავრდებული გიორგი ბაჩიაშვილი რუსთავის საპატიმროდან გლდანის მე-8 დაწესებულებაში გადაიყვანეს.
როგორც ბაჩიაშვილის ადვოკატმა დავით ჯანდიერმა განაცხადა, ციხის შეცვლის მიზეზად „ლოჯისტიკური საკითხები“ დაასახელეს – ბაჩიაშვილი, როგორც ბრალდებული, სხვა საქმეებზე სასამართლო პროცესებში მონაწილეობს.
ბაჩიაშვილს ბრალი წარდგენილი აქვს საზღვრის უკანონო გადაკვეთასა და „მტკვარი ჰესის“ საქმეზე — სსკ-ის 344-ე და 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, რაც 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის მტკიცებით, ბაჩიაშვილმა საინვესტიციო პროექტები არაეფექტიანად მართა, რის შედეგადაც „მტკვარი ჰესის“ ღირებულება დაახლოებით 100 მილიონი დოლარით გაიზარდა, ხოლო ჰესი დღემდე ექსპლუატაციაში არ შესულა.
ბაჩიაშვილი 26 მაისს დააკავეს, ხოლო მის მიმართ წარდგენილ ბრალდებებზე სასამართლო სხდომა 24 ივლისს ჩაინიშნა.