ბაჩიაშვილის ცემის იმიტაციის ბრალდებით პენიტენციურის მაღალჩინოსანი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა პენიტენციური სამსახურის დირექტორის ყოფილი მოადგილე გიორგი ქემოკლიძე დააკავა – მას ედავებიან თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, ე.წ. კრიპტოვალუტის საქმეზე ბრალდებული გიორგი ბაჩიაშვილის ცემის იმიტაცია.
სუსი აცხადებს, რომ ქემოკლიძემ ბოროტად გამოიყენა სამსახურეობრივი უფლებამოსილება და, ბაჩიაშვილთან შეთანხმებით, მიმდნარე წლის ივნისში „გლდანის ციხეში“, მის საკანში შეიყვანა „სპეციალურად შერჩეული ორი პატიმარი“, რომლებმაც „წინასწარი სცენარის მიხედვით გიორგი ბაჩიაშვილისთვის ფიზიკური ანგარიშსწორების იმიტაცია უნდა მოეწყოთ, რისი განხორციელებაც იმ ეტაპზე ვერ მოახერხეს“. იმის მიუხედავად, რომ პატიმრები 10 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ ბაჩიაშვილთან ერთად საკანში, მათი მონაცემები ე.წ. აღრიცხვის ჟურნალში არ შეუყვანიათ.
„გ.ქ.-ს [გიორგი ქემოკლიძის] ბრძანებით მოხდა საკნის შესასვლელი კარის სამეთვალყურეო კამერების გათიშვა, რათა არ დაფიქსირებულიყო ხსენებული პირების ბაჩიაშვილის საკანში შესვლა და გამოსვლა, ხოლო მას შემდეგ, რაც მათ ბაჩიაშვილის საკანი დატოვეს, გ.ქ.-ს დავალებით მთლიანად წაიშალა საკანში ზემოთ აღნიშნული ორი პატიმრისა და გიორგი ბაჩიაშვილის ერთად ყოფნის ამსახველი ვიდეომასალა“, – აცხადებენ სუსში.
უწყებაში აღნიშნეს, რომ განზრახვის ბოლომდე მისაყვანად 11 ივლისს ბაჩიაშვილის საკანში სხვა საპატიმროდან გადმოყვანილი პატიმარი შეასახლეს:
„მისი შესვლისთანავე გიორგი ბაჩიაშვილმა, წინა გამოცდილების გათვალისწინებით, ყოველგვარი არგუმენტის გარეშე დაძაბა კ.მ.-სთან ურთიერთობა, რასაც მათ შორის მოყვა მცირე ფიზიკური დაპირისპირება“.
პენიტენციური სამსახურის დირექტორის ყოფილი მოადგილე დააკავეს „სისხლის სამართლის კოდექსის“ 332-ე მუხლით – სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ანდა სამ წლამდე პატიმრობით.
ეს საქმე სუსს გამოსაძიებლად იუსტიციის სამინისტრომ გადაუგზავნა. სამინისტროს მოკვლევაში ფიგურირებდა „გლდანის ციხის“ ყოფილი დირექტორი, დავით გოგობერიშვილი, რომელიც 7 ოქტომბერს გარდაცვლილი იპოვეს. მას ცეცხლსასროლი იარაღით ჰქონდა დაზიანება მიღებული – თვითმკვლელობის ვერსიაზე მუშაობს.
ბრალდებულმა გიორგი ქემოკლიძემ და გარდაცვლილმა დავით გოგობერიშვილმა თანამდებობა რამდენიმე თვის წინ, აგვისტოში დატოვეს. პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ მიზანი იყო „გამოძიებას ხელი არ შეშლოდა“.
გიორგი ბაჩიაშვილის ცემის საქმე
„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილ ხელმძღვანელზე, პატიმრობაში მყოფ გიორგი ბაჩიაშვილზე თავდასხმის შესახებ ინფორმაცია 14 ივლისს გავრცელდა. მალევე მისმა ადვოკატებმა გაავრცელეს გიორგი ბაჩიაშვილის ვრცელი წერილი, რომელშიც პატიმარი წერდა, რომ 11 ივლისს საკანში მას ფიზიკურად გაუსწორდა მისთვის უცნობი პირი. მისივე ინფორმაციით, მანამდე, 8 ივლისს, ის დაიბარა მერვე პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელმა დავით გოგობერიშვილმა და ურჩია, სთვის გაეხსნა მთელი თავისი საბანკო ანგარიშები, კრიპტოვალუტების ბრუნვები და ანგარიშის მისამართები.
გიორგი ბაჩიაშვილს სამედიცინო დახმარება დასჭირდა. 11 ივლისს ის საპატიმროდან კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს, თუმცა იმავე ღამეს დააბრუნეს მერვე დაწესებულებაში. მომდევნო დღეს „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელი პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, რომლითაც უწყება ციხეში გიორგი ბაჩიაშვილის ცემის ფაქტს გამოეხმაურა, ეს იყო „მსჯავრდებულთა შორის ინციდენტი“.
გიორგი ბაჩიაშვილის საქმე
2025 წლის 10 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის ყოფილ „პირად ფინანსისტს“, გიორგი ბაჩიაშვილს, დაუსწრებლად მიუსაჯა 11 წლით პატიმრობა „კრიპტოვალუტების საქმეზე“. 12 აგვისტოს სააპელაციო სასამართლომ ეს განაჩენი ძალაში დატოვა.
ივანიშვილის ყოფილი მოკავშირე ბრალდებულად ცნეს როგორც „დიდი ოდენობით თანხის მითვისებაში“, ასევე „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში“, ანუ ფულის გათეთრებაში. ბრალდება 9-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა. ბაჩიაშვილს ამ მუხლით გათვალისწინებული მაქსიმალური ვადით პატიმრობა მიუსაჯეს.
ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, 26 მაისს „ანონიმური შეტყობინებით“ გაიგეს, რომ ძებნილი ბაჩიაშვილი „წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ გადაადგილდებოდა“, რის შემდეგაც დააკავეს.
გიორგი ბაჩიაშვილი საქართველოდან ფარულად იყო წასული და მისი ადგილსამყოფელი უცნობი იყო. გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატების საერთაშორისო ჯგუფმა განაცხადა, რომ ბაჩიაშვილი საქართველოში „იძულებით დააბრუნეს” და მას წამების საფრთხე ემუქრება.
ბაჩიაშვილის ნაამბობი კი განსხვავდება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ვერსიისაგან: „შაბათს, 24 მაისს, მე გამიტაცეს საზღვარგარეთიდან, თვალები ამიხვიეს, ორი დღე თვალებახვეული მატარეს, ადვოკატის, პროკურორისა და ოჯახის წევრებთან დალაპარაკების გარეშე. შემდგომ მოტაცებული ჩამტენეს „აირზენას“ ბომბარდირის თვითმფრინავში. ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე, ყველა კანონის დარღვევით ჩამომიყვანეს საქართველოში“.
ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ საქმე ივანიშვილის განცხადების საფუძველზე 2023 წელს აღიძრა.
პროკურატურა ბაჩიაშვილს 39 215 820 დოლარის კრიპტოვალუტის მითვისებას ედავებოდა. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ 2023 წლის 6 ივლისს აღკვეთის ღონისძიებად 2,5 მილიონი ლარის გირაო შეუფარდა.