თურქეთის ყარსს, იგდირსა და აზებაიჯანის ნახიჩევანს შორის რკინიგზის პროექტი უკვე განხორციელების ეტაპზეა, რომლის ინტეგრირებაც სამომავლოდ ბაქო-თბილისი-ყარსის (ბთყ) რკინიგზასთან მოხდება.
ამის შესახებ პროექტის მენეჯერ ოსმან ბესერექმა Report-თან ინტერვიუს დროს განაცხადა.
მისი თქმით, ნახიჩევანი-იგდირის მარშრუტი ყარსამდე მგზავრობის დროს 85 წუთამდე შეამცირებს, ხოლო ბთყ-სთან ინტეგრირება ევროპა-აზიას შორის სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას ხელ შეუწყობს და საერთაშორისო ტვირთების გადაზიდვის ახალ პერსპექტივებს შექმნის.
საბოლოოდ, ცენტრალურ აზიასა და ევროპას შორის მგზავრთა გადაყვანის დრო 18-დან 12 დღემდე შემცირდება.
პროექტის ფარგლებში თურქეთში, კერძოდ, დიგორში, ტუზლუჯაში, იგდირში, არალიკასა და დილუჯუში 5 ახალი რკინიგზის სადგური აშენდება. ამჟამად სამუშაოების ძირითადი ნაწილი იგდირში მიმდინარეობს.
ყარსი-იგდირი-ნახიჩევანის სარკინიგზო ხაზის სიგრძე, დაახლოებით, 224 კმ იქნება. იგდირში უკვე ეწყობა პირველი სამშენებლო ბაზა, რომლის დასრულების შემდეგ უშუალოდ სარკინიგზო ხაზის მშენებლობა დაიწყება.
ორხაზიანი სარკინიგზო მარშრუტი სრულად ელექტრიფიცირებული იქნება და სიგნალიზაციით აღიჭურვება. პროექტის დასრულება ხუთ წელიწადში იგეგმება.
პროექტის ფარგლებში 2800 მეტრ მთლიანი სიგრძის 3 ვიადუკი (თაღებიანი ნაგებობა) და 11,3 კმ საერთო სიგრძის 5 გვირაბი, ასევე, 10 ხიდი აშენდება. მოეწყობა 480 წყალგამტარი მილი, 145 მიწისქვეშა და 27 მიწისზედა გადასასვლელი, ასევე, 19 დასაკეტ-გასახსნელი გადასასვლელი. ბევრ მონაკვეთზე ნიადიაგის გამაგრების და მიწის სხვა სამუშაოები ჩატარდება.
ოსმან ბესერექის თქმით, “ყარსი-იგდირი-ნახიჩევანის რკინიგზა ზანგეზურის დერეფნის ნაწილია და არა მხოლოდ დააკავშირებს თურქეთს აზერბაიჯანთან, არამედ გლობალური სატრანსპორტო და სავაჭრო გზების ერთ-ერთი მთავარი არტერია გახდება.“
ამოქმედების შემდეგ სარკინიგზო ხაზზე 160 კმ/სთ-მდე სიჩქარის მატარებლები იმოძრავებენ.
www.bpn.ge
