ბარქაია: განათლების სამინისტროში ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველო გაუქმდა

ინკლუზიის და ადრეული განათლების სპეციალისტი ცირა ბარქაია Facebook-ზე წერს, რომ განათლების სამინისტროში ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველო გაუქმდა.
ის აღნიშნავს, რომ ამის შესახებ ოფიციალურად გუშინ გვიან ღამით შეიტყვეს.
სამინისტროს თანახმად, გადაწყვეტილება – რეორგანიზაციის ნაწილია, ცირა ბარქაია კი აღნიშნავს, რომ “რეალურად ძალაუფლების კონცენტრაციის, პასუხისმგებლობის გაქრობის და პროფესიონალების სისტემიდან განდევნის მექანიზმია”.
“ცხადია, სამმართველოს გაუქმება არ ნიშნავს სისტემურ წარმატებას. ინკლუზია არ გაძლიერებულა ისე, რომ მის მხარდაჭერას აღარ სჭირდება სპეციალური სტრუქტურა. პირიქით — ეს ნიშნავს, რომ ინკლუზია აღარც პრიორიტეტია და აღარც მინიმალური ვალდებულება.
ვისაც ამ სფეროში ოდესმე უმუშავია, იცის: ეს იყო ერთ-ერთი იშვიათი ბერკეტი, რომელიც პროფესიაზე, ადამიანებზე, შედეგზე ორიენტირებული მუშაობის საშუალებას გვაძლევდა — წინააღმდეგობების მიუხედავად.
ახლა კი გაუქმდა სტრუქტურა, რომელიც იცავდა იმ ბავშვებს და მასწავლებლებს, ვისაც ყველაზე ხშირად არ უსმენენ.
2007 წელს ამ გზას როცა დავადექი, ვერ წარმოვიდგენდი, რომ 2025-ში ისევ თავიდან მოგვიწევდა ახსნა, რატომ სჭირდება ქვეყანას ინკლუზიური განათლების ინსტიტუციური მხარდაჭერა.
ეს გადაწყვეტილება ერთ სამმართველოს კი არა, ხედვას, ღირებულებებს და მომავალზე ზრუნვას აუქმებს”, – წერს ის.