ხვიჩა კვარაცხელიას ჩვეულ ფორმაში შესვლა და მის მიმართ “ბარსელონას” სატრანსფერო ინტერესი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის განმეორებით მატჩს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის, რომელსაც “ნაპოლი” კატალონიაში ჩაატარებს. მოგეხსენებათ, პირველი შეხვედრა ფრედ (1:1) დასრულდა. “კვარა” და მისი თანაგუნდელები “კამპ ნოუს” ნაცვლად “ესტადიო ოლიმპიკოზე” (54 367 მაყურებელი) ითამაშებენ – სამშაბათს, 12 მარტს, 23:59 საათზე (ჩვენი დროით).
ყურადღებას ამ დაპირისპირების წინ საინტერესო სამ ფაქტზე გავამახვილებთ:
* თუკი “ბარსელონა” პლეი-ოფში პირველ შეხვედრაში სტუმრად არ მარცხდება, თითქმის ყველა შემთხვევაში (21-დან 20) შემდეგ ეტაპზე გადის;
* ბოლო ორი სეზონის განმავლობაში, “ნაპოლი” ჩემპიონთა ლიგაზე სტუმრად უკეთ თამაშობს, ვიდრე საკუთარ მოედანზე (8-დან 5 გამარჯვება);
* ვიქტორ ოსიმენი თუ გაიტანს, უეფას მთავარ საკლუბო ტურნირზე ყველაზე შედეგიანი ნიგერიელი ფეხბურთელი გახდება (10 გოლით) და ობაფემი მარტინსს ჩამოიტოვებს.
როგორი შინაარსის მატჩს ველით ბარსელონაში? ხავის გუნდს ბურთის ფლობის უპირატესობა რომ
ექნება, ეს მოსალოდნელია და კალცონამ თავისი ტაქტიკა ამ ვითარებაზე უნდა ააწყოს. კონტრშეტევების დროს კვარაცხელიას ფაქტორის გამოყენება პროდუქტიული შეიძლება იყოს, თუმცა ამისთვის საჭიროა, გუნდმა ბურთი მოიპოვოს და შეტევაში მაქსიმალურად სწრაფად გადაიტანოს. გავიხსენოთ პირველი შეხვედრა სადაც კუნდეს ქართველის შეჩერება დაუხმარებლად აშკარად უჭირდა… იქ ოსიმენმა “ნაჩუქარი” შეირგო, “ბარსელონას” დაცვა, ბოლო სამი ტურია, სტაბილურია და გოლი არ გაუშვია. ცენტრში არაუხოსა და 17 წლის კუბარსის დუეტი ჩამოყალიბდა, ახლა კი სავარაუდოდ, კვლავ გამოცდილ მარტინესს ვიხილავთ.
ესპანელებს ნახევარდაცვაში სერიოზული პრობლემები აქვთ, გავის არყოფნას პედრი და დე იონგი დაემატა. კრისტენსენსა და გიუნდოგანთან ერთად, ბოლო ტურში რაფინიამ ითამაშა, ახლა კი 20 წლის ფერმინ ლოპესს ველით, რომელმაც ტრავმირებილი ბრაზილიელი (უკვე მომჯობინდა) პირველივე ტაიმში ჩაანაცვლა. წინა ხაზზე ფელიქსთან და ლევანდოვსკისთან ერთად, 16 წლის იამალი იქნება, ვისაც სურს, ტურნირის ამ ეტაპზე ყველაზე ახალგაზრდა გამტანი იყოს.
იტალიელებს დაცვაში რაჰმანი უბრუნდებათ, კაიუსტე და ნგონჟე კვლავ მიუწვდომელნი არიან, როგორც განაცხადში არმყოფი ზელინსკი. რუისა და კვარაცხელიას ბრწყინვალე შეთამაშების მიუხედავად, სასტარტოში ახლა ოლივერას ველით, ტრაორე კი პირველივე წუთებიდან დაიწყებს.
ქართულ-ნიგერიული დუეტი ძველებური სიმწვავით ამუშავდა და მათი შეჩერება რთული იქნება. პირველი გოლი თამაშის შინაარსზე დიდ მნიშვნელობას შეიძენს. ფაქტი, კალცონამ იცის, როგორ არ წააგოს და 1:1 მისი “საყვარელი” ანგარიშია, ასე რომ არც ოვერტაიმი და პენალტების სერია გამივრიცხოთ…
სავარაუდო შემადგენლობები:
“ბარსელონა”: ტერ შეტეგენი – კუნდე, არაუხო, მარტინესი, კანსელუ – კრისტენსენი, გიუნდოგანი, ლოპესი – იამალი, ლევანდოვსკი, ფელიქსი;
“ნაპოლი”: მერეტი – დი ლორენცო, რაჰმანი, ჟესუსი, ოლივერა – ლობოტკა, ანგისა, ტრაორე – პოლიტანო, ოსიმენი, კვარაცხელია.
მსაჯი ნიდერლანდელი მაკელიე იქნება, რომელიც “ნაპოლის” ჯგუფურ ეტაპზე უკვე მოემსახურა (“უნიონთან” 1:1).