ბარი სრულად დაჯავშნილია, თუმცა წინა თამაშებთან შედარებით მომართვიანობა ნაკლებია, რადგან გულშემატკივრები გერმანიაში არიან – „დროშები ჩქარა“

დღეს თბილისის დროით 20:00 საათზე, საქართველოს ნაკრები დორტმუნდში ისტორიულ მატჩს გამართავს და „BVB არენაზე“, სადაც თურქეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. ქომაგების ნაწილი გერმანიაში ნაკრების მხარდასაჭერად უკვე გაემგზავრა, მოქალაქეების ნაწილი კი ნაკრებს საქართველოდან უგულშემატკივრებს. ახლაც, როგორც მარტის შემთხვევაში უკვე მოეწყო სხვადასხვა სივრცეები ბარებსა და რესტორნებში, რომლებიც მომხმარებლებს ფეხბურთის მათთან ყურებას სთავაზობს.
ერთ-ერთი ასეთია ბარი „დროშები ჩქარა“, როგორც მისი მფლობელი ბექა კოკაია გვიყვება, საღამოსთვის მისი ბარი საღამოსთვის სრულად დაჯავშნილია, თუმცა მისივე თქმით საქართველო – საბერძნეთის და საქართველო – ლუქსემბურგის დროს მომართვიანობა უფრო მაღალი იყო, რის მიზეზადაც კოკაია გულშემატკივრების ნაწილის გერმანიაში წასვლას ასახელებს.
„ამ თამაშის მიმართ მოლოდინი ძალიან დიდია, ისევე როგორც წინა თამაშებზე იყო, ფაქტობრივად რამდენიმე დღის ადრე სრულად დაჯავშნილი იყო ბარი, ახლაც არის მოთხოვნა, ჯავშნებიც არის, თუმცა წინა თამაშების დროს მეტი ზარი შემოდიოდა.
ამის პირველი მიზეზი არის ის, რომ ძალიან ბევრი ადამიანი გაემგზავრა გერმანიაში საგულშემატკივროდ, მეორეს კი არის ის, რომ ბევრი ადამიანი ღია ცის ქვეშ ყურებას ირჩევს, თან ამინდიც უწყობს ხელს. წინა თამაშების შემთხვევაში ორი დღით ადრე გავსებული იყო ჯავშნები და კიდევ ბევრი ზარი შემოდიოდა და ფიზიკურად ვეღარ ვიღებდით სტუმრებს. თუმცა ამას ობიექტური მიზეზები აქვს.“ – აღნიშნა ბექა კოკაიამ.