„ბანკს სესხის ვალდებულების შეჩერებისთვის მივმართეთ“ – გიორგი უშიკიშვილის შატო-მარანი დროებით დაიხურა

გიორგი უშიკიშვილის შატო-მარანი დროებით დაიხურა. მიზეზი ქვეყანაში არსებული ვითარების გამო გაუქმებული ჯავშნებია. ამის შესახებ სასტუმროს დამფუძნებელმა გიორგი უშიკიშვილმა BM.GE-სთან ისაუბრა.
ის აღნიშნავს, რომ 2 თვის განმავლობაში ახმეტაში მოქმედი სასტუმრო ფაქტობრივად გაჩერებული იყო, რის გამოც შატო-მარანი დახურეს და დასაქმებულები გაათავისუფლეს. გიორგი უშიკიშვილი რეგიონში კადრების მოძიების პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ ეს საკითხი რეგიონებში მოქმედ ბიზნესებს ზოგადად აწუხებს.
„ორი თვეა ფაქტობრივად ინდივიდუალური ჯავშნები არ გვაქვს. ცალკეული კორპორაციული ჯავშნები გვქონდა, მაგრამ ყველა მეილებს გვწერს, რომ არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე აუქმებენ ჯავშნებს, არც პირდაპირი ჯავშნები გვაქვს და არც ინდივიდუალური. აქედან გამომდინარე, რადგან 2 თვეა სასტუმრო არ ფუნქციონირებს, გადავწყვიტეთ სასტუმრო დავხუროთ. თანამშრომლები სამსახურიდან გავუშვი და ეს უდიდესი პრობლემაა ზოგადად რეგიონში აშენებული სასტუმროებისთვის და არა მხოლოდ ჩემთვის. რეგიონებში თანამშრომლების მოძიება და მათი დატრენინგება ძალიან რთულია. ამ კადრების გაშვების შემდეგ მათი მოძიება კვლავ სერიოზული პრობლემა იქნება, რადგან პირობითად მაისში რომ გავხსნა შატო კადრების მოძიებისთვის და მოსამზადებელი ეტაპისთვის დაახლოებით ერთი თვე მაინც დამჭირდება. სეზონის და დატვირთულობის მიხედვით 15-20 ადამიანს ვასაქმებდი. ახმეტა არ არის დიდი ქალაქი. ამ ქალაქში ეს ადამიანების უმუშევრად დარჩნენ“, – განმარტავს შატოს მფლობელი და იმასაც ამბობს, რომ დასაქმებულების გარდა სასტუმრო ადგილობრივი ფერმერების ხელშემწყობიც იყო: „გარდა ამისა, ჩვენ პროდუქციას რაიონში ვყიდულობდით და არც თუ ისე მცირე თანხას ადგილობრივ მოსახლეობას ვუხდიდით, შესაბამისად ჩვენს სასტუმროში სულ ბიოპროდუქტები გვქონდა. თვეში დაახლოებით 40 000 ლარამდე ვხარჯავდით, რომ ამ ფერმერებისგან პროდუქცია შეგვეძინა“.
სასტუმროს დახურვის გადაწყვეტილებასთან ერთად გიორგი უშიკიშვილმა „ ბანკს“ სასესხო ვალდებულების შეჩერება/გადავადების მოთხოვნით მიმართა.
„ჩვენ ბანკს მივმართეთ, რადგან ვერ ვიხდიდით გადასახადს. ბანკმა სესხის გადახდის ვალდებულება 6 თვით შეგვიჩერა და ამ თანხების დაფარვა შემდეგ მოგვიწევს, რაც ჩვენთვის დამატებითი ხარჯი იქნება, მაგრამ რადგან გაჩერებულები ვართ თვეში 4 500 ევროს გადახდას ვერ მოვახერხებდით“, – განაცხადა უშიკიშვილმა BM.GE-სთან.