ბაკურიანი „სკი კროსის“ დისციპლინაში მსოფლიო თასის ეტაპს მასპინძლობს

10-11 თებერვალს, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით (FIS), ბაკურიანში „სკი კროსის“ დისციპლინაში მსოფლიო თასის ეტაპი გაიმართება. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, საერთაშორისო ღონისძიებაში მსოფლიოს წამყვანი 12 ქვეყნის (შვეიცარია, შვედეთია, კანადა, ავსტრალია, ჩილე, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, საქართველო, გერმანია, იტალია, იაპონია, ) 60 სპორტსმენი იასპარეზებს. საქართველოს სახელით დავით თედიაშვილი გამოვა, საშეჯიბრებო ტრასას კი ქართველი ათლეტები – ლაშა კურტანიძე და ბექა ბერძენიშვილი გახსნიან.
საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) მხრიდან ღონისძიებას დაესწრებიან და საორგანიზაციო პროცესებში მონაწილეობას მიიღებენ შეჯიბრების დირექტორი კლაუს ვალდნერი და ტექნიკური დელეგატი ანდრეას გიორლიხი. შეჯიბრებებს საერთაშორისო მედია აშუქებს, პირდაპირ ეთერში კი „ევროსპორტზე“ გადაიცემა.
გასულ წელს საქართველომ ბაკურიანში უმაღლეს დონეზე უმასპინძლა მსოფლიო ჩემპიონატს ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში, შესაბამისად, საპატიო ადგილი დაიკავა მსოფლიო რუკაზე ზამთრის ტურიზმის მიმართულებით. წარმატებით ჩატარებულმა ჩემპიონატმა განაპირობა FIS-ის ყურადღება ჩვენი ქვეყნისადმი, სწორედ ამიტომ საქართველო, კერძოდ კი, გუდაური და ბაკურიანი ყოველწლიურ კალენდარში მოხვდა.