29 მარტს, დაახლოებით 07:00 საათზე, განაახლეს ბაკურიანთან ზვავში მოყოლილი კაცის ძებნის სამუშაოები. ნუგზარ ქუთათელაძემ, ბაკურიანის განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ მაშველთა რაოდენობა გაზრდილია.
„როგორც ჩემთვის არის ცნობილი, შეასრულეს სამი რეისი, გადაიყვანეს მაშველები. გუშინდელთან შედარებით მეტი მაშველი მონაწილეობს ძიებაში. ადგილობრივებმაც გამოთქვეს მზადყოფნა, რომ მაშველებს დაეხმარონ, დაახლოებით ოც კაცამდე მზად არის და, მგონი, გადავიდნენ, რომ მიეხმარონ მაშველებს. მოგეხსენებათ, რელიეფი სამუშაოების იოლად წარმოების საშუალებას არ იძლევა, მაგრამ მიმდინარეობს სამუშაოები. იმედია, დღეს დასრულდება ოპერაცია”, – თქვა ქუთათელაძემ.
მისი თქმით, შემთხვევის ადგილზე სპეცტექნიკა შესული არ არის, რადგან რელიეფი ამის საშუალებას არ იძლევა. „მაშველები ნიჩბებით ცდილობენ მუშაობას, მაგრამ ჯერჯერობით შედეგი არ არის”, – თქვა ნუგზარ ქუთათელაძემ.
წუხელ ზვავსაშიშროების გამო ძებნის ოპერაცია დროებით შეწყდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, ოპერაციაში განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს მაშველები და სამაშველო დრონები მონაწილეობენ.
რაც შეეხება ზვავის ჩამოწოლას, როგორც ჩვენს კორესპონდენტთან საუბარში ბაკურიანის მცხოვრებლები ჰყვებიან, ბაკურიანიდან ასპინძისკენ მიმავალ გზასთან, სოფლების – ოთას და ოშორას – მიმდებარედ 28 მარტს, დილით, ექვსი ადამიანი იმყოფებოდა ბურანით. მათ ახლოს მდებარე მთაზე ისრიალეს, ერთ-ერთი მათგანი კი თოვლის მასის ჩამოშლის შემდეგ ზვავის ქვეშ მოჰყვა.
ბაკურიანში ზვავის მოწყვეტის შედეგად 2016 წელს დაიღუპა სნოუბორდისტი ნუგზარ დიაკონაშვილი. ზვავის ჩამოწოლისას იგი დიდველსა და კოხტაგორას შორის გაუკვალავ თოვლში სრიალებდა.