ოვალური ოფისიდან ნათქვამ გამოსამშვიდობებელ სიტყვაში, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა გამოთქვა გაფრთხილება ძალაუფლებისა და სიმდიდრის კონცენტრაციის საფრთხეებთან დაკავშირებით. 15 იანვარს ჯო ბაიდენმა ასევე ხაზი გაუსვა პოლიტიკაში „ოლიგარქიისა“ და „ტექნო-ინდუსტრიული კომპლექსის“ გამოჩენის საფრთხეებს.
”ძალაუფლების სახიფათო კონცენტრაციას რამდენიმე ულტრამდიდარი ადამიანის ხელში სახიფათო შედეგები ექნება, თუ მათი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება შეუმჩნეველი დარჩება”, – თქვა მან. „დღეს ამერიკაში ყალიბდება უკიდურესი სიმდიდრის, ძალაუფლებისა და გავლენის მქონე ოლიგარქია, რომელიც ფაქტობრივად საფრთხეს უქმნის მთელ ჩვენს დემოკრატიას, ჩვენს ძირითად უფლებებსა და თავისუფლებას“.
ერისადმი გაკეთებულ თავის ბოლო მიმართვაში პრეზიდენტ ბაიდენს არ დაუკონკრეტებია, თუ ვის გულისხმობდა ოლიგარქებში. შესაძლოა ის მიანიშნებდა ილონ მასკზე, ქვეყნის ერთ-ერთ უმდიდრეს მილიარდერზე, რომელიც ძალიან ახლოსაა არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან. ბაიდენი ოფისს ორშაბათს, 20 იანვარს დატოვებს, მას შემდეგ რაც ტრამპი კაპიტოლიუმის ბორცვზე საინაუგურაციო ფიცს დადებს.
მასკმა ტრამპის ხელმეორედ არჩევის საპრეზიდენტო კამპანიისთვის $100 მილიონზე მეტი თანხა გაიღო. მომავალ პრეზიდენტს მხარდაჭერა კიდევ რამდენიმე უმდიდრესმა ამერიკელმა გამოუცხადა, მათ შორის იყო “მეტას” (ყოფილი “ფეისბუქის”) დამფუძნებელი და მფლობელი მარკ ზაკარბერგი და ჯეფ ბეზოსი, “ამაზონის” დამფუძნებელი და მფლობელი.
“თავისუფალი პრესა სულს ღაფავს. რედაქტორები ქრებიან. სოციალური მედია უარს ამბობს ფაქტების გადამოწმებაზე”, – თქვა ბაიდენმა. “სიცრუე, რომელიც ძალაუფლებისა და მოგებისთვისაა გამიზნული, ახშობს სიმართლეს”.
ამ ყველაფრის მიუხედავად, თავისი გამოსვლის დასასრულს პრეზიდენტმა ბაიდენმა აღნიშნა, რომ მას მაინც სჯერა ამერიკის იდეალების. “მე მაინც მჯერა იმ იდეის, რაზეც ჩვენი ერი დგას, ერი, რომელშიც ჩვენი ხალხის ხასიათს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს”, – თქვა მან და დასძინა: “ახლა დროა, [ამ იდეალების] დაცვა თქვენ გადაიბაროთ”.
“ისტორია თქვენ ხელთაა, ძალაუფლება თქვენ ხელთაა, ამერიკის იდეა თქვენ ხელთაა”- უთხრა ამერიკელებს დამშვიდობებისას შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტმა.