ბაიდენი თეთრ სახლში იაპონიის პრემიერ-მინისტრს მასპინძლობს

იაპონიის პრემიერ-მინისტრი ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება
ოთხშაბათს, თეთრ სახლში სახელმწიფო ვიზიტის დროს, შეერთებული შტატების პრეზიდენტი და იაპონიის პრემიერ-მინისტრი ფუმიო კიშიდა ძლიერ და მზარდ პარტნიორობას წარმოაჩენენ. ვიზიტის ფოკუსშია აგრესიული ჩინეთის შესაკავებლად ერთობლივ თავდაცვაში თანამშრომლობა.
უმაღლეს დონეზე შეხვედრა, თეთრ სახლში მისვლის ოფიციალური ცერემონიით დაიწყება და დახურულ კარს მიღმა შეხვედრით გაგრძელდება. დაგეგმილია ერთობლივი პრეს-კონფერენცია ვარდების ბაღში, სახელმწიფო სადილი და მუსიკოს პოლ საიმონის გამოსვლა.
ხუთშაბათს, კიშიდა -ის კონგრესს მიმართავს და ბაიდენს და ფილიპინების პრეზიდენტ ფერდინანდ მარკოს უმცროსს შეუერთდება შეხვედრაზე, რომლის ყურადღების ცენტრშიც სამხრეთ ჩინეთის ზღვაში პეკინის შეჭრები იქნება.
აშშ-მა და იაპონიამ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის თემაზე დაახლოებით 70 შეთანხმებას მიაღწიეს. მათ შორისაა ნაბიჯები იაპონიაში აშშ-ის სამხედრო სარდლობის სტრუქტურის გაუმჯობესებისკენ, რათა კრიზისის შემთხვევაში იაპონიის ძალებთან უკეთესად მუშაობა შეძლოს.
მოსალოდნელია, რომ ბაიდენი და კიშიდა გამოაცხადებენ ნაბიჯების შესახებ, რომელიც სამხედრო და თავდაცვითი აღჭურვილობის შემუშავებაში მეტი თანამშრომლობისკენაა მიმართული.
ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა თქვეს, რომ ორი ლიდერი გამოაცხადებს გეგმების შესახებ, რომელიც მთვარეზე ერთობლივ კოსმოსურ მისიას და ხელოვნური ინტელექტის კვლევაში თანამშრომლობას შეეხება.
ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალი თანამდებობის პირმა განაცხადა, რომ ახლა იაპონია შეერთებული შტატების „სრული გლობალური პარტნიორი“ იქნება და მისი გავლენა თავისი რეგიონის ფარგლებიდან საკმაოდ შორს, ევროპამდე და ახლო აღმოსავლეთამდე გავრცელდება.
ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა თქვა, რომ ჩინეთი იაპონიის და ფილიპინების იზოლაციას ცდილობს. ამ ორი ქვეყნის ლიდერებთან შეხვედრით, ბაიდენის მიზანია „სცენარი ამოატრიალოს და ჩინეთის იზოლაცია მოახდინოს“.

ასევე დაგაინტერესებთ