ბაიდენი არ აპირებს უარი თქვას პრეზიდენტად მეორე ვადით კენჭისყრაზე

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი არ აპირებს უარი თქვას ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე. სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, ბაიდენმა თავისი პოზიცია გააცნო შტაბის წარმომადგენლებს, დემოკრატ კანონმდებლებს და გუბერნატორებს.
ცნობები, რომ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი არჩევნებში კანდიდატურის მოხსნაზე ფიქრობს, არაერთმა მედიასაშუალებამ გაავრცელა კონკურენტთან, ექს-პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან პირველი წარუმატებელი ტელედებატების შემდეგ. 27 ივნისს გამართულ დებატებში ბაიდენი სუსტად გამოიყურებოდა. კონგრესში დემოკრატების ზოგიერთმა წარმომადგენელმა თანაპარტიელ პრეზიდენტს მოუწოდა, უარი თქვას მეორე ვადით კენჭისყრაზე. თეთრ სახლში განაცხადეს, რომ დებატების დროს ბაიდენი გაციებული იყო. თავად პრეზიდენტმა მიზეზად დაასახელა უცხოეთში ვიზიტებით გამოწვეული დაღლილობა.
Reuters-ის ორი ინფორმირებული წყაროს თანახმად, 3 ივლისს ჯო ბაიდენმა თავისი საარჩევნო შტაბის თანამშრომლებთან სატელეფონო საუბარი გამართა და გაუგზავნა ელექტრონული წერილებიც იმის შესახებ, რომ არსად წასვლას არ აპირებს და საარჩევნო მარათონში ბოლომდე დარჩება. იმავე დღეს ბაიდენი შეხვდა დემოკრატ გუბერნატორებს, რათა დაერწმუნებინა, რომ წარუმატებელი დებატების მიუხედავად სიტუაციას უმკლავდება. ამ შეხვედრის შემდეგ, ნიუ-იორკის, მინესოტის და მერილენდის გუბერნატორებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ ჯო ბაიდენს კვლავაც მხარს უჭერენ.
ტრამპთან წარუმატებელი დებატების შემდეგ გაძლიერდა პრეზიდენტ ბაიდენის ასაკით(81 წელი) და ჯანმრთელობის მდგომარეობით გამოწვეული შეშფოთება. ვაშინგტონში 3 ივლისს გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებმა თეთრი სახლის პრესმდივან კარინ ჟან-პიერს ჰკითხეს, ხომ არ განიხილავს ჯო ბაიდენი გადადგომის შესაძლებლობას. ჟან-პიერმა უპასუხა, რომ „აბსულუტურად არა“.
დემოკრატი ჯო ბაიდენის და რესპუბლიკელი ს პირველი დებატების შემდეგ ჩატარებულმა გამოკითხვამ ტრამპის უპირატესობა აჩვენა. Wall Street Journal-ის სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგებით, ტრამპს 48% ჰქონდა, ბაიდენს კი – 42%. New York Times/Siena-ს კვლევით, ტრამპის მხარდაჭერა 49% იყო, ხოლო ბაიდენის – 43%.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის არჩევნები 5 ნოემბერს გაიმართება.
· წინა, 2020 წლის ნოემბრის არჩევნებში მეორე ვადით კენჭისყრისას დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენთან დამარცხდა, რასაც არ აღიარებდა და აცხადებდა, რომ არჩევნები გაყალბდა.
· 2021 წლის 6 იანვარს, ჯო ბაიდენის ინაუგურაციამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ და მოითხოვდნენ, რომ კონგრესს არ ეღიარებინა საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება.
· მასობრივი არეულობების შედეგად დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის პოლიციელი. კაპიტოლიუმზე თავდასხმის გამო ბრალდებულია 1000-ზე მეტი პირი.

ასევე დაგაინტერესებთ