პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ნატოს წევრი სახელმწიფოების ვაშინგტონის საუბილეო სამიტზე შეკრებილ ლიდერებს მიმართა. ალიანსი ვაშინგტონში 75 წლის წინ დაფუძნდა და მისი მიზანი ევროპის კონტინენტზე მშვიდობის შენარჩუნება და საბჭოთა კავშირიდან მომავალი საფრთხის შეკავება იყო. ჩრდილო-ატლანტიკურ ხელშეკრულებას მაშინ ხელი 12-მა მოკავშირემ მოაწერა. დღეს ნატოს 32 წევრი ჰყავს, მათ შორის ორი ახალი წევრი მას უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ შეუერთდა.
ბაიდენი ქვეყნისა და მისი პარტიის შიგნით კრიტიკის სამიზნეა იმასთან დაკავშირებით, შეძლებს თუ არა ასაკის გამო საყოველთაო არჩევნებში მეტოქის, თითქმის დანამდვილებით, ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დამარცხებას. პრეზიდენტმა თქვა, რომ „ნატო ჩვენ ყველას დაცულს გვხდის“.
„დღეს ნატო უფრო ძლიერია, ვიდრე – ოდესმე“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა “ამერიკელთა ორპარტიულ უმრავლესობას ესმის, რომ ნატო შეერთებულ შტატებს უფრო უსაფრთხოს ხდის”, – აღნიშნა მან.
პრეზიდენტმა თქვა, რომ შეერთებული შტატები და მოკავშირეები უკრაინას დამატებით, სტრატეგიულ საჰაერო თავდაცვის სისტემებს მიაწვდიან. ამერიკის, გერმანის, იტალიის, რუმინეთის და ჰოლანდიის განცხადებით, მოკავშირეები უკრაინას 5 დამატებით საჰაერო სისტემას გადაცემენ.
„დღეს ჩვენ ვაცხადებთ, რომ ერთობლივად უკრაინას ვაძლევთ დამატებით სტრატეგიულ საჰაერო თავდაცვის სისტემებს, მათ შორის, ამერიკის, გერმანიისა და რუმინეთის მიერ შემოწირულ დამატებით პატრიოტის ბატარეებს; პატრიოტის კომპონენტები, რომლებიც მოწოდებულია ნიდერლანდების და სხვა პარტნიორების მიერ, რათა უზრუნველყონ დამატებითი პატრიოტის ბატარეის ფუნქციონირება; და იტალიის მიერ შემოწირულ SAMP-T სისტემას. ეს ხუთი სტრატეგიული საჰაერო თავდაცვის სისტემა ხელს შეუწყობს უკრაინის ქალაქების, მშვიდობიანი მოსახლეობისა და ჯარისკაცების დაცვას და ჩვენ მჭიდრო კოორდინაცია გვაქვს უკრაინის მთავრობასთან, რათა ეს სისტემები სწრაფად გამოიყენონ“, – ნათქვამია მოკავშირეების ერთობლივ განცხადებაში, რომელიც პრეზიდენტის გამოსვლის პარალელურად გამოქვეყნდა.
სამიტზე მოკავშირეებს მიმართა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმაც. ეს ამ რანგში მისი ბოლო სამიტია, სტოლტენბერგი თანამდებობას სექტემბერში დატოვებს და მას ჰოლანდიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე ჩაანაცვლებს.
„როცა [შენი] მეზობელი აგრესიული რუსეთია, არ არსებობს უფასო ვარიანტები. ომში არ არსებობს რისკის გარეშე ვარიანტები“, – თქვა მან. ”ყველაზე დიდი ხარჯი და ყველაზე დიდი რისკი ის იქნება, თუ რუსეთი უკრაინაში გაიმარჯვებს” – დასძინა მან. ”ჩვენ ამას ვერ დავუშვებთ”.
თეთრი სახლის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა 9 ივლისვე, ისაუბრა იმ ზომებზე, რასაც ალიანსი და შეერთებული შტატები მიიღებს უკრაინის მხარდასაჭერად. სალივანმა თქვა, რომ ნატო მზადაა გრძელვადიან პერსპექტივაში იდგეს უკრაინის გვერდით.
სალივანის ცნობით, ვაშინგტონის სამიტზე მოკავშირეები განაცხადებენ ახალი სამხედრო სარდლობის შესახებ გერმანიაში სამვარსკვლავიანი გენერლის ხელმძღვანელობით, უკრაინული ჯარების წვრთნისა და აღჭურვისთვის და დაინიშნება კიევში უმაღლესი წარმომადგენელი ალიანსთან უკრაინის ურთიერთობის გაღრმავების მიზნით.
“(რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ) პუტინი ვერ დაგვყოფს. ის ჩვენზე დიდხანს ვერ გაძლებს. მას არ შეუძლია დაგვასუსტოს. და უკრაინა გაიმარჯვებს და არა რუსეთი”, – თქვა სალივანმა.
ვაშინგტონში იმყოფება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც. ზელენსკი ალიანს სამიტამდე მოუწოდებდა უფრო მტკიცე ნაბიჯების გადადგმისკენ და უკრაინის წევრობის საკითხზე ცხადი განაცხადისკენ.
„ჩვენ ვიბრძვით უკრაინის უსაფრთხოების დამატებითი გარანტიებისთვის – ეს არის იარაღი და ფინანსები, პოლიტიკური მხარდაჭერა“, – დაწერა სამიტის წინ ზელენსკიმ “ტელეგრამზე“.
სამიტის უდიდესი ნაწილი სწორედ უკრაინაში მიმდინარე რუსეთის ფართომასშტაბიან ომს დაეთმობა. მოკავშირეები ასევე ისაუბრებენ თავდაცვის ხარჯების გაზრდაზე, მზარდი დაძაბულობის ფონზე. სამიტის დასკვნით კომუნიკეს, მოკავშირეები 10 ივლისს გამოსცემენ.
სამიტს ესწრება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. თუმცა, საქართველო მხოლოდ პარტნიორებისთვის განკუთვნილი პროგრამის – “პარტნიორობა მშვიდობისთვის” ფარგლებში იღებს სამიტში მონაწილეობას.