ბათუმში, საკეისროს შემდეგ ქალის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება სიცოცხლის გაუფრთხილებლობის მუხლით დაიწყო

ბათუმში, საკეისრო კვეთის შემდეგ ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
ცნობილია, რომ ქალს საკეისრო კვეთა ს სამედიცინო ცენტრში (BMC) ჩაუტარდა. გარდაცვლილის ქმრის, მურად დავითაძის თქმით, ოპერაციის შემდეგ ქალი თავს კარგად გრძნობდა. გვიან ღამით, მას შეატყობინეს, რომ ქალის მდგომარეობა დამძიმდა და მას სასწრაფოდ ესაჭიროებოდა სისხლი.
ბათუმის სამედიცინო ცენტრიდან ქალი ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში (BAU) გადაიყვანეს. ჰოსპიტლის რეანიმაციული განყოფილების უფროსის, გოჩა აბაშიძის ინფორმაციით, მას თავად იმ კლინიკიდან დაუკავშირდნენ, სადაც ქალს საკეისრო კვეთა გაუკეთეს და პაციენტის გადაყვანა სთხოვეს. როგორც გოჩა აბაშიძე ამბობს, მიზეზად კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში თავისუფალი ადგილების არქონა დაუსახელეს.
გოჩა აბაშიძე ამბობს, რომ ჰოსპიტალში მიყვანილი ქალის გადარჩენა, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო.
“პაციენტი შემოვიდა ჩვენ დაწესებულებაში უკიდურესად მძიმე, ტერმინალურ მდგომარეობაში სხვა კლინიკიდან. თავიდანვე გამოხატული იყო თავის ტვინის ჰიპოქსიურ-ანოქსიური დაზიანების სურათი. რეფლექსური აქტიურობა თავის ტვინს არ ჰქონდა […] როგორც ჩვენ ანამნეზით გავიგეთ, სხვა კლინიკაში ჩაუტარდა საკეისრო კვეთა. ოპერაციის შემდგომი გართულებების ფონზე მოხდა ჩვენთან მოყვანა”, – ამბობს გოჩა აბულაძე.
გარდაცვლილის ოჯახი მომხდარში ბათუმის სამედიცინო ცენტრს ადანაშაულებს. ქალის ქმარი, მურად დავითაძე დამნაშავეების დასჯას ითხოვს.
“საღსალამათი, ჯანმრთელი ქალი მივიყვანე და მკვდარი გამომატანეს. კლინიკა BMC-ში პასუხი ვერ მითხრეს – რა გააკეთეს ისეთი, რომ ასეთ მდგომარეობამდე მივედით”, – უთხრა დავითაძემ “მთავარ არხს”.
ბათუმის სამედიცინო ცენტრში, ამ ეტაპზე, საჯარო კომენტარისგან თავს იკავებენ.