“ბათუმში ვიყავი, ექსპერტიზა ჩამიტარდა” – შსს პედაგოგ ლადო აფხაზავაზე თავდასხმას იძიებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პედაგოგ ლადო აფხაზავაზე თავდასხმის შემდეგ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო. აფხაზავას ლანჩხუთში, საკუთარ სახლთან, 5 მაისის საღამოს დაესხა თავს სამი ჯოხებით შეიარაღებული ადამიანი – მასწავლებლის თქმით, ის ამ დროს მის 20 წლის შვილთან ერთად იყო. აფხაზავა ამბობს, რომ სამივე თავდამსხმელს იცნობს, მათგან ერთი მისივე კორპუსში ცხოვრობს.
“ვიდეოც გადავუღე, ჩემი უბნელები არიან, ერთი ჩემ სადარბაზოში ცხოვრობს მეორე სართულზე. მე მეხუთე სართულზე ვცხოვრობ. ყველაზე აქტიური რომელიც იყო, ის არის ლანჩხუთის სასწრაფო დახმარების მძღოლი, დანარჩენები თვითდასაქმებულები არიან, ჯართს იბარებენ და ეგეთ რამეებზე მუშაობენ…” – ეუბნება რადიო თავისუფლებას ლადო აფხაზავა. მას და მის შვილს უკვე ჩაუტარდათ ექსპერტიზა, გამოძიებას კი ჩვენები თავდასხმის ღამესვე მისცეს. ლადო აფხაზავა ამბობს, რომ მასზე თავდამსხმელი ერთი პირი დაკავებულია, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრო დაკავებულების შესახებ არც თავად ავრცელებს ინფორმაციას და არც რადიო თავისუფლების კითხვას პასუხობს.
“მე თვითონ დავრეკე 112-ში, ღამის 4 საათამდე პოლიციის განყოფილებაში ვიყავით ჩვენებების მისაცემად. ექსპერტიზა ბათუმში ჩაგვიტარდა, ახლა მივდივართ ლანჩხუთში. ისევ შეკრებილები არიან ჩემ სახლთან – პოლიციას უნდა ვთხოვო გაგვყვეს სახლამდე. მე სახლს არ დავტოვებ, არავისთვის არაფერი დამიშავებია, ცუდი არაფერი გამიკეთებია” – ამბობს ლადო აფხაზავა. ის ვარაუდობს, რომ მეზობლების გაბრაზება მის მიმართ მისი აქტივიზმით არის განპირობებული – მასწავლებელი ხშირად გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებებს მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე, აქტიურად მონაწილეობს საპროტესტო აქციებში, ღიად ეწინააღმდეგება “აგენტების კანონს”. აფხაზავა ამბობს, აგრესიული დამოკიდებულება მათგან ხშირად უგრძვნია და ბოლო პერიოდში გამარჯობასაც აღარ ეუბნებოდნენ, თუმცა თავდასხმა და ფიზიკური ანგარიშსწრორება მისთვის მაინც მოულოდნელი იყო.
“როცა დაგვესხნენ თავს, ნაციონალებს აგინებდნენ. კიდევ გასალახი ხარ, რამდენს ბედავ, ხომ არ გგონია ამას შეგარჩენთო – მითხრეს. დღესაც მაგას ამბობენ, დღეში 5-ჯერ არის ლადო აფხაზავა საცემიო – იმათ მიაქციონ ყურადღება, ვინც არაფერს არ აპროტესტებს, ის უფრო საშიშია, ვიდრე მე” – ამბობს მასწავლებელი.
ლადო აფხაზავა 2018 წელს გახდა მასწავლებლის ჯილდოს მფლობელი. ამავე წელს ის მასწავლებლის მსოფლიო ჯილდოს 10 ფინალისტს შორისაც მოხვდა – 2019 წლის 27 მარტს მას ჩიბათის საჯარო სკოლაში სიმბოლური ვარსკვლავი გაუხსნეს. ამ ცერემონილს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
მასწავლებლის ეროვნულმა ჯილდომ, რომელიც ყოველწლიურად ავლენს საუკეთესო მასწავლებლებს საქართველოს მასშტაბით, პედაგოგზე თავდასხმა დაგმო.
„ვგმობთ ლადო აფხაზავაზე თავდასხმას და სოლიდარობას ვუცხადებთ მას. ლადო არა მხოლოდ გამორჩეული მასწავლებელი, არამედ გამორჩეული მოქალაქეა. მასზე განხორციელებული თავდასხმა განსაკუთრებით საეჭვოა მისი სამოქალაქო აქტიურობის ფონზე. ველით, რომ გამოძიება დროულად და ეფექტიანად განხორციელდება. ლადოს ვესაუბრეთ და საბედნიეროდ, ის და მისი ბავშვები კარგად არიან“, – ნათქვამია განცხადებაში.