ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა ალაფიშვილი გახდა. იგი ამავე უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს ხუთმა წევრმა, ერთხმად აირჩია.
არჩევნებში მონაწილეობას ამავე უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი სოფიო თავაძეც იღებდა, თუმცა გუშინ პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე კანდიდატურა მოხსნა, მას მიზეზი არ განუმარტავს.
„არცერთ პარტიაში არ ვარ, შეგიძლია გადაამოწმოთ, ჩემი მიზანია, რომ უნივერსიტეტში არცერთი მხარე არ იყოს დაპირისპირებაში.
ვემხრობი „ქართული ოცნების“ პოლიტიკას, მათ შორის საგარეო კურსთან მიმართებაშიც. არ მიმაჩნია, რომ საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს, რადგან ოქტომბრის არჩევნები ლეგიტიმურია. მე არ ვთვლი, რომ „გამჭვირვალობის კანონი“ რუსული კანონია, პოლემიკაში არ შემოვდივარ პოლიტიკოსი არ ვარ… ისეთი პასუხები გაგეცით, რაც არ მოგეწონათ. 6 თვის შემდეგ რა იქნება, არ ვფიქრობ, ჩემთვის მთავარია, ხვალიდან რესურსი უნივერსიტეტის გაძლიერებას მოვახმარო“, – აღნიშნა მამუკა ალაფიშვილმა.
ცნობისთვის, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის რექტორის პოზიცია თემურ კეჟერაძემ საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.
შეგახსენებთ იმასაც, რომ ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის შენობაში სტუდენტების ნაწილი 15 დღეა პროტესტის ნიშნად იმყოფება. მათი თქმით, „დეკანი და სამი სტუდენტი საპატიმროდან გათავისუფლდა, თუმცა ანრი კაკაბაძე საპატიმროში ისჯება, იმისთვის, რომ პროევროპულ აქციებს იღებდა მონაწილეობას და ასევე, უნივერსიტეტში ინციდენტისას დეკანს უცხადებდა მხარდაჭერას“. სტუდენტების მთავარი მოთხოვნაა ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს.
