ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სამ სტუდენტსა და დეკანს შეფარდებული ორთვიანი პატიმრობა გირაოთი შეუცვალა, კიდევ ერთი სტუდენტი კი პატიმრობაში დატოვა. ამის შესახებ გადაწყვეტილება დღეს, 28 იანვარს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლევან ყოლბაიამ მიიღო.
აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით მოსამართლეს პროკურორმა მიმართა.
ბრალდებულები დარბაზიდან 5-ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა ერთი ბრალდებული სტუდენტი, ანრი კაკაბაძე, რომელსაც გასულ წელს იმავე მუხლით წარდგენილი ბრალის გამო გირაო აქვს შეფარდებული.
ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანსა და ოთხ სტუდენტს ჯგუფურად ჩადენილ ძალადობაში ადანაშაულებენ სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პირველი პრიმა მუხლით. პროკურატურა დაკავებულებს უნივერსიტეტის შენობაში მომხდარ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ ძალადობას ედავება. დანაშაული, მისი დამტკიცების შემთხვევაში, ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიების ვერსიით, 3 დეკემბერს ბათუმში, უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში, ამავე უნივერსიტეტის დეკანმა მამუკა ჯორბენაძემ და ოთხმა სტუდენტმა ჯგუფურად სცემეს ორ პირს.
ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი ჰყვებოდა, რომ კონფლიქტამდე რამდენიმე დღით ადრე, უნივერსიტეტის შენობაში სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა ლექტორ თეა ცაგურიასთან, რომელიც სტუდენტებს უნივერსიტეტის შენობაში საპროტესტო პლაკატების გაკვრას უშლიდა. ამას მოჰყვა დაპირისპირება დეკანს მამუკა ჯორბენაძესა და თეა ცაგურიას შორის.
რამდენიმე დღეში საქმეში ჩაერთო თეა ცაგურიას ქმარი, ბათუმის მერიის მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ირაკლი დევაძე, თავის მეგობართან ერთად. სწორედ ამ მიზნით მივიდნენ ისინი ბათუმის უნივერსიტეტის შენობაში. ამ ვერსიას ადასტურებდა დაკავებული პროფესორის, მამუკა ჯორბენაძის ადვოკატი დავით ჯაფარიძე. მისივე თქმით, ფიზიკურ დაპირისპირებამდე დევაძე მუქარის შემცველ პირად შეტყობინებას სწერდა პროფესორ ჯორბენაძეს.
პროტესტი ნიშნად, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში ამ დრომდე რჩებოდა სტუდენტების ნაწილი. ისინი მოითხოვდნენ დაკავებული სტუდენტების, დავით გვიანიძის, გურამ მიქელაძის, ანრი კაკაბაძის, გიორგი დავითაძისა და პროფესორ მამუკა ჯორბენაძის გათავისუფლებას.
ახლობლები და სტუდენტები სასამართლოს შენობასთან ელოდნენ მოსამართლის გადაწყვეტილებას.