სადავო პარლამენტში შევიდა საკანონმდებლო ინიციატივა, რომლითაც „მესამე პირების“, ანუ ბაზრობებსა და სავაჭრო ცენტრებში დასაქმებულების ქონების სავალდებულო დაზღვევის გაუქმებას ითხოვენ. ინიციატორი სავაჭრო-კომერციული ცენტრების (ბაზრობების) გაერთიანების დირექტორი მუხრან ბაგრატიონია.
მოქმედი კანონმდებლობით, ყველა სავაჭრო ცენტრი, მათ შორის ბაზრობა, ვალდებულია, დააზღვიოს არა მხოლოდ საკუთარი ქონება, არამედ მოვაჭრეებისაც, რომლებიც იქ არიან დასაქმებული. ამით სადაზღვევო კომპანიებს ვალდებულება უჩნდებათ, ხანძრის ან სტიქიური უბედურების დროს ზარალი აანაზღაურონ.
„ბაზრობების ორგანიზატორებზე დამატებული ფინანსური გადასახადების ვალდებულებები, როგორიცაა სავალდებულო ფინანსური აუდიტი, სათვალთვალო კამერების დამატებითი მონტაჟი, მუდმივად უსაფრთხოების სისტემების გაუმჯობესება, სალარო აპარატების უზრუნველყოფა, მესამე პირის დაზღვევა, ქონების დაზღვევის გადასახადის ზრდა და ასე შემდეგ ქმნის არაეფექტურ ფინანსურ ხარჯვით სტრუქტურას, რომლის ტარება ბიზნესისთვის განსაკუთრებით რთულია“, – წერია დასაბუთებაში.
ამის გამო საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი მოითხოვს:
· ბაზრობებსა და სავაჭრო ცენტრებში დასაქმებულების ქონების დაზღვევა გახდეს ნებაყოფლობითი;
· ადმინისტრაციიდან ეს ვალდებულება გადავიდეს დასაქმებულებზე;
· სადაზღვევო კომპანიებს დაუწესდეთ ზღვრული ტარიფები.
რადიო თავისუფლება დაუკავშირდა საკანონმდებლო ინიციატივის ავტორს. მუხრან ბაგრატიონმა მოუცლელობის გამო კითხვებს ვერ უპასუხა.
საქართველოში არსებულ ბაზრობებზე ხანძარი არაერთხელ გაჩნდა. ამ დროს განადგურდა არა მხოლოდ ტერიტორიების მფლობელების, არამედ დასაქმებულთა ქონებაც. ხშირი ხანძრების გამო ბაზრობებისა და სავაჭრო ცენტრების მფლობელები დაავალდებულეს, დაეზღვიათ საკუთარი და მეიჯარეების ქონება.
ხანძარი ბოლოს 2025 წლის 30 აპრილს ე.წ. ბორჯომის ვაგზლის ტერიტორიაზე არსებულ ბაზრობას გაუჩნდა. განადგურდა იქ დასაქმებულთა დიდი ნაწილის ქონება. კიდევ უფრო ადრე „ლილოს ბაზრობაზე“ დაიწვა მაღაზია „შვიდი სპილო“, რომელიც საქართველოს მასშტაბით ამარაგებდა სხვადასხვა ობიექტს.
