დედა, რომელიც, გამოძიების ინფორმაციით შვილს მოწყალების თხოვნას აიძულებდა, დანაშაულს არ აღიარებს. საქმის განხილვა სასამართლოში უკვე არსებით ეტაპზეა. “კურიერი” ესაუბრა ბრალდებულის ადვოკატს, რომელიც აქცენტს ოჯახის რთულ მდგომარეობასა და იმ გარემოებებზე ამახვილებს, რის გამოც დედა შვილს ქუჩაში ფულის საშოვნელად უშვებდა.
“ეს ბავშვი დედას თავად დაჰყვებოდა სანთლების და ხატების გასაყიდად. დაჰყვებოდა და სახლში მარტო გაჩერების ეშინოდა, იმიტომ რომ ამ ბავშვსაც ჯანმრთელობის პრობლემა აქვს. როგორც მე მაქვს ინფორმაცია, ბავშვი იმყოფება თავშესაფარში. ამ ეტაპზე, დედის ნათესავებს ურეკავს და ეუბნება აქედან წამიყვანეთ, თორემ თავს მოვიკლავ, მე აქ არ გავჩერდებიო. რამდენიმე თვეში, ეს ბავშვი ხდება სრულწლოვანი. სრულწლოვანი რომ გახდება, თავშესაფარში არავინ არ გააჩერებს, გამოუშვებენ იქიდან,”-აცხადებს ბრალდებულის ადვოკატი ლალი ბუნტური.
პროკურატურის ინფორმაციით, ამ საქმის ფარგლებში, ბრალი კიდევ ორ პირს წარუდგინეს. ორივე მათგანს დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან. ერთ-ერთი მათგანი სხვა დანაშაულისთვის სასჯელს უკვე იხდის.
“გამოძიებით დადგინდა, რომ დედამ მასზე მატერიალურად დამოკიდებული არასრულწლოვანი შვილი სარგებლის მიღების მიზნით გადაიბირა და 2023 წლის ივნისიდან შრომით ექსპლუატაციას უწევდა. ბრალდებული შვილს ქუჩაში მოწყალების თხოვნას და ნივთების რეალიზაციას აიძულებდა, შეგროვებულ თანხას კი თავად ისაკუთრებდა. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის თაობაზე ცნობილი იყო კიდევ 2 პირისათვის, რომლებმაც აღნიშნულის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინეს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, არასრულწლოვანის დედას და ერთ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ, ხოლო დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ბრალდებული კიდევ ერთი პირი სხვა სისხლის სამართლის საქმეზე უკვე იმყოფება პატიმრობაში,”-აცხადებს პროკურორი თეა გიორგაძე.