ბადრი ჯაფარიძე – „ქართული ოცნებისადმი“ ევროპარლამენტარების კრიტიკული შეფასებები ემსახურება იმას, რომ ქვეყანამ ევროპული მომავალი არ დაკარგოს

საქართველოში ჩამოსული ევროპარლამენტარები ჩვენი ხალხის, ჩვენი სახელმწიფოს ერთგული მეგობრები არიან – „ქართული ოცნებისადმი“ მათი კრიტიკული შეფასებები ემსახურება იმას, რომ ქვეყანამ არ დაკარგოს ევროპული მომავალი, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ევროპარლამენტარებთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, კრიზისიდან გამოსავალი არის ახალი ს ჩატარება და „ქართული ოცნების“ მხრიდან თავის მოკატუნება, ვითომ ქვეყანაში არაფერი ხდება, მხოლოდ და მხოლოდ დაამძიმებს ვითარებას.
როგორც ჯაფარიძე აღნიშნავს, სიტუაციის განმუხტვის ერთადერთი გზა არის შეთანხმება ახალი არჩევნების ჩატარებაზე.
„პირველ რიგში, უნდა გვესმოდეს, რომ ევროპარლამენტარები, რომლებიც ჩამოსული არიან, ჩვენი ხალხის, ჩვენი სახელმწიფოს ერთგული მეგობრები არიან. ისინი არიან ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის დიდი მხარდამჭერები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ის რომ ისინი კრიტიკულ შეფასებებს აკეთებენ „ქართული ონების“, ეს არის სწორედ იმის მანიშნებელი, რომ ეს ადამიანები რჩებიან ჩვენი ხალხის ერთგული. ეს კრიტიკული შეფასებები არის ობიექტური და ის ემსახურება იმას, რომ ქვეყანამ არ დაკარგოს ევროპული მომავალი. დღეს გვქონდა საუბარი იმ ვითარებაზე, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია შექმნილი. ცხადია, რომ ჩვენი პოზიცია არის უცვლელი, რომ გამოსავალი არის ახალი არჩევნები, ახალი ადმინისტრაციით. ეს შეარიგებს საზოგადოებას, ეს თავიდან აგვარიდებს შემდგომ ესკალაციას. ამ გადაწყვეტილების გაწელვა, „ქართული ოცნების“ მიერ თავის მოკატუნება, ვითომ ქვეყანაში არაფერი ხდება მხოლოდ და მხოლოდ დაამძიმებს ვითარებას. ამიტომ ჩვენ ყველამ უნდა ვიფიქროთ, როგორ განვმუხტოთ ეს სიტუაცია და განმუხტვის ერთადერთი გზა არის შეთანხმება ახალი არჩევნების ჩატარებაზე”, – განაცხადა ჯაფარიძემ.