ბადრი ჯაფარიძე – საქართველოს ხელისუფლებისა და ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებისთვის ბალტიისპირეთში შესვლის აკრძალვა ადეკვატური პასუხია – ამ ადამიანებმა უნდა იგრძნონ, რომ ისინი საფასურს გადაიხდიან

როდესაც ბალტიისპირეთის სახელმწიფოები საქართველოს ხელისუფლების და ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებს ქვეყანაში შესვლას უკრძალავენ – ეს არის ადეკვატური პასუხი უკანონობასა და ძალადობაზე, რომელსაც ჩვენს ქვეყანაში აქვს ადგილი , – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, პროცესი გაგრძელდება და ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, თავისუფლებისთვის მებრძოლი საქართველოს მოქალაქეების დაჩაგვრას, შესაბამის საფასურს გადაიხდიან.
„რასაც ჩვენ, ახლა, ვაკვირდებით ბალტიისპირეთის სახელმწიფოების მხრიდან – ლიეტუვა, ლატვია, , როდესაც საქართველოს ხელისუფლების და ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებს ქვეყნებში შესვლას უკრძალავენ, ეს არის ადეკვატური პასუხი იმ უკანონობაზე და ძალადობაზე, რომელსაც ჩვენს ქვეყანაში ადგილი აქვს; ეს არის პასუხი იმაზე, რომ მოსამართლეები გადაწყვეტილებებს იღებენ, არა კანონიდან, არამედ დავალებებიდან გამომდინარე, რომელსაც ისინი „ქართული ოცნებიდან“ იღებენ; ეს არის პასუხი იმ ფინანსურ ტერორზე, რომლის განხორციელებასაც საქართველოში ვხედავთ – კერძოდ, არაადეკვატური ჯარიმების გამოწერის სახით; ეს არის პასუხი უმსგავსო კანონებზე, რომელსაც ე.წ. პარლამენტი იღებს, რომელიც რეპრესიული ხასიათისაა. ეს გაგრძელდება და ამ ადამიანებმა უნდა იგრძნონ, რომ მცდელობა, დაჩაგრონ თავისუფლებისთვის მებრძოლი ჩვენი თანამოქალაქეები, უკვალოდ არ ჩაუვლის, ისინი შესაბამის საფასურს გადაიხდიან“, – განაცხადა ჯაფარიძემ.