ბადრი ჯაფარიძე – საერთოდ არ გრძნობენ პასუხისმგებლობას მტკიცებულებების წარდგენასთან დაკავშირებით, იციან, მოსამართლე დაუდასტურებს – არც კი იწუხებენ თავს, რომ მეტ-ნაკლებად გამართონ ესა თუ ის ბრალი

საერთოდ არ გრძნობენ პასუხისმგებლობას მტკიცებულებების წარდგენასთან დაკავშირებით, იციან, მოსამართლე დაუდასტურებს. არც კი იწუხებენ თავს, რომ მეტ-ნაკლებად გამართონ ესა თუ ის ბრალი, – ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, სახელმწიფო, სადაც კანონი ფეხქვეშ არის გათელილი, ფუნქციონირებას ვერ შეძლებს.
„მე მგონი, ყველაფერი ნათელია, სამწუხაროდ. „ქართულმა ოცნებამ“ სასამართლო პროცესის ტრანსლირება აკრძალა, ძალიან კარგი იქნებოდა, რომ ყველას ენახა, რა უმსგავსობასთან გვაქვს საქმე, მაგრამ სამწუხაროდ, აქაც წინა ხელისუფლების საუკეთესო ტრადიციებში, როდესაც აკრძალული იყო სასამართლო პროცესების გადაცემა მედიით, ახლაც აკრძალა „ქართულმა ოცნებამ“, რათა ჩვენმა თანამოქალაქეებმა ვერ ნახონ, თუ როგორ ხდება კანონის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვა.
რაც შეეხება ბრალის წაყენებას, ეს ხომ ხელის გულზე დევს – ეს არის პოლიტიკური ოპონენტებისადმი ანგარიშსწორების საუკეთესო მაგალითი, როდესაც არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, მოწმეც არ არსებობს, რომელიც დაადასტურებს იმ უმსგავსო ბრალდებას, რომელიც პროკურატურამ პირადად მე და ს წაგვიყენა.
როგორც ჩანს, ამ შემთხვევაშიც თავის თავს აჯობეს პროკურატურის წარმომადგენლებმა და, სამწუხაროდ, მოსამართლემ, როგორც მოსალოდნელი იყო, დაუდასტურა მათ ის, რაც სჭირდებოდათ – გირაოს შეფარდება ასტრონომიული რიცხვით.
კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, რომ დღეს მართლმსაჯულება პრაქტიკულად არ არსებობს ქვეყანაში, არის სრულად დაქვემდებარებული, აბსოლუტურად ფეხქვეშ არის გათელილი კანონის უზენაესობა. მე ვფიქრობ, რომ ასეთი ტიპის ქვეყანას უბრალოდ მომავალი ვერ ექნება იმიტომ, რომ შეუძლებელია, მართლმსაჯულება ასე იყოს დაკნინებული, პროკურორები და მოსამართლეები ასეთ მდგომარეობაში იყვნენ ჩაყენებულები და ასეთმა სახელმწიფომ იფუნქციონიროს.
საერთოდ არ გრძნობენ პასუხისმგებლობას მტკიცებულებების წარდგენასთან დაკავშირებით იმიტომ, რომ იციან, მოსამართლე დაუდასტურებს. არც კი იწუხებენ თავს, რომ მეტ-ნაკლებად გამართონ ესა თუ ის ბრალი“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ პროკურატურის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა და მათ აღკვეთის ღონოსძიების სახით მილიონ-მილიონი ლარის ოდენობის გირაო შეეფარდათ. გირაოს გადახდის ვადად კი 30 დღე განესაზღვრათ.
კითხვაზე, აპირებს თუ არა გირაოს გადახდას, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა უპასუხა, რომ შესაძლებელია გირაო უძრავი ქონებით ჩანაცვლდეს.
„აქ ითქვა, რომ შესაძლებელია უძრავი ქონებით ჩანაცვლება, ჩვენ განვიხილავთ ამ ვერსიას უძრავი ქონებით ჩანაცვლებაზე და მოგახსენებთ ამასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ჯაფარიძემ.