ბადრი ჯაფარიძე: ევროპარლამენტის დელეგაციის მკაფიო აზრია, რომ სანქციები უნდა შეეხოს დამნაშავეებს, არა ქართველ ხალხს

ევროპარლამენტარებთან შეხვედრის შემდეგ ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, რომ დელეგაციის შეფასებები ზუსტად ასახავს საქართველოში არსებულ რეალობას. “ძლიერი საქართველოს” ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის თქმით, ევროპელი პარტნიორები ხედავენ დემოკრატიის უკუსვლას და ქვეყნის ავტოკრატიულ მმართველობას, ხოლო მათი მთავარი მიზანია საქართველოს ევროპული მომავლის დაცვა.

ის აღნიშნავს, რომ სანქციები უნდა შეეხოს მხოლოდ იმ პირებს, ვინც პასუხისმგებელია პოლიტიკური დევნისა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაზე, თუმცა არა საქართველოს მოქალაქეებს.

შეფასებები, რა თქმა უნდა, არის სრულიად ადეკვატური, სრულიად შესაბამისი იმ რეალობასთან, რომელიც შექმნილია საქართველოში. ძალიან განიცდიან ამ მძიმე მდგომარეობას. ცხადია, რომ “ქართული ოცნების” ასეთი ავტოკრატიული მმართველობის პირობებში რაიმე პროგრესზე საუბარიც კი ზედმეტია. პირიქით, ახლა მთელი მცდელობა არის იმაზე, რომ გადარჩეს საქართველოს ევროპული მომავალი და რაც შეეხება სანქციებს, სანქციები უნდა ეხებოდეს ყველა იმ პირს, რომელიც დამნაშავეა ამ ავტოკრატიული რეჟიმის დამყარებაში, დამნაშავეა უდანაშაულო ადამიანების დევნაში და სანქციები არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეეხოს ჩვენ ხალხს, ჩვენს თანამოქალაქეებს. ეს არის ევროპარლამენტის ამ დელეგაციის მკაფიო აზრი, – ამბობს ბადრი ჯაფარიძე. 

თბილისში ჩამოსული ევროპარლამენტარები ოპოზიციის ლიდერებს შეხვდნენ. შეხვედრის მთავარი თემა  უკონტროლო დაპატიმრებები და მმართველი პარტიის მიერ დაანონსებული შურისძიება იყო. ოპოზიციის წარმომადგენლებმა დელეგაციის წევრებს მიაწოდეს ინფორმაცია იმ მეთოდებზე, რომლებსაც, მათი თქმით, „ქართული ოცნება“ ოპონენტების დასასჯელად იყენებს.

დღის განმავლობაში ევროდეპუტატები საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს შეხვდებიან, საღამოს კი პრესკონფერენციით შეჯამებენ ვიზიტის შედეგებს.