რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტები, ბადრა გუნბა და ალან გაგლოევი დღეს, 8 მაისს მოსკოვში ჩაფრინდნენ ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების მე-80 წლისთავის აღსანიშნავ საზეიმო ღონისძიებებზე დასასწრებად.
ბადრა გუნბა მოსკოვში მეუღლესთან, ირმა ხაშიგთან ერთად იმყოფება. 10 მაისისათვის კი დაგეგმილია მისი შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან. იგეგმება „აფხაზურ-რუსული თანამშრომლობის გარშემო ფართო საკითხების განხილვა“, – თქვა გუნბას დე ფაქტო ადმინისტრაციის პრესცენტრის უფროსმა, ალხას ჭოლოკუამ.
პუტინი და გუნბა 2025 წლის მარტში უკვე შეხვდნენ ერთმანეთს – ახლა მათი მეორე შეხვედრა გაიმართება მას შემდეგ, რაც გუნბამ გაიმარჯვა ოკუპირებულ აფხაზეთში გამართულ არჩევნებში, – რომლის ლეგიტიმაციასაც, საქართველოსთან ერთად, არ ცნობს გაეროს წევრი ქვეყნების თითქმის სრული შემადგენლობა.
ალან გაგლოევს კი თან ახლავს დე ფაქტო თავდაცვის მინისტრი ინალ საბანოვ, ასევე, პრესისა და ინფორმაციის დე ფაქტო კომიტეტის ხელმძღვანელი მარია კოტაევა.
10 მაისს გაგლოევიც შეხვდება პუტინს.
კრემლის ცნობით, მსოფლიოს ოცზე მეტი ლიდერი დათანხმდა მოსკოვის ღონისძიებებზე დასწრების მიწვევას, თუმცა ბოლო წუთამდე არ არის ცნობილი, კონკრეტულად ვინ ჩავა და ვინ – არა.
ელიან, რომ დამსწრეებს შორის იქნებიან რამდენიმე ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის, ასევე ბოლივიის, კუბის, ვენესუელის, ლაოსის, ბრაზილიისა და სხვა ქვეყნების ლიდერები.
ევროკავშირის ქვეყნებიდან ღონისძიებებს დაესწრება მხოლოდ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო, რომელსაც წარსულში კრიტიკული კომენტარები გაუკეთებია უკრაინის შესახებ.
ყურადღების ცენტრში კი იქნება ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ომში მოსკოვის მთავარ მოკავშირედ იქცა.
8 მაისს ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მოსკოვში ჩატარებული მოლაპარაკებების შემდეგ ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას, რომელიც „კიდევ უფრო აღრმავებს“ პარტნიორობას ორ ქვეყანას შორის.
ფორუმი
