ბაგების დასახლებაში, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროსთან, გზის გაფართოების სამუშაოები მიმდინარეობს

დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარემ, ვაკის რაიონის მაჟორიტარმა გიორგი ტყემალაძემ თბილისის მერთან სთან და მის მოადგილესთან, ირაკლი ბენდელიანთან ერთად, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროსთან გზის მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები, ასევე, საყრდენი კედლის მოწყობის პროცესი მოინახულა.
დედაქალაქის საკრებულოს ინფორმაციით, აღნიშნული პროექტი გარკვეულ მონაკვეთებში გზის გაგანიერებას, ქვეითებისთვის ტროტუარის მოწყობა-მოწესრიგებას ითვალისწინებს.
„პროექტი სამი მონაკვეთისგან შედგება. პირველ ეტაპზე ორი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე მიმდინარეობს, მესამე ეტაპი კი მომავალ წელს განხორციელდება.
პირველი ორი მონაკვეთის რეაბილიტაცია გულისხმობს როგორც მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლას, ასევე გარე განათების ბოძების LED სანათებით დამონტაჟებას.
ამასთანვე, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროსთან, გზის გაფართოების მიზნით, ხიმინჯოვანი რკინაბეტონის საყრდენი კედელი ეწყობა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
როგორც გიორგი ტყემალაძემ აღნიშნა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც, დაახლოებით, ოთხ თვეში დასრულდება.
„ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ქუჩა არის ძალიან დატვირთული და მნიშვნელოვანი. აღნიშნულ ტერიტორიაზე რამდენიმე სასწავლო დაწესებულება და სხვადასხვა მნიშვნელოვანი ორგანიზაციაა განთავსებული, სადაც გზის სივიწროვის გამო, სავალ ნაწილზე ავტომობილებს ორმხრივად გადაადგილება უჭირს. მოსახლეობა წლებია ამ პრობლემის გადაჭრას ითხოვს. გზის უსაფრთხოების მიზნით, ფერდზე 240 მეტრის საყრდენი კედლის მშენებლობა ხორციელდება, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ტრანსპორტის გადაადგილებას. ამასთანავე, აქვე მოეწყობა ტროტუარები და საპარკინგე სივრცეები“, -განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
უწყების ცნობითვე, აღნიშნული სამუშაოები დედაქალაქის ბიუჯეტიდან 2 600 000 ლარით დაფინანსდება. სამუშაოების მიმდინარეობას ასევე, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი გაეცნენ.