“ბაბუ”, “დუკა”, 450 000 დოლარი და 77 დაკავებული – რას ამტკიცებს შსს და რამდენს მიუსაჯა წინასწარი პატიმრობა სასამართლომ?

23
ბათუმის საქალაქო სასამართლომ 16 პირი პატიმრობაში გაუშვა, აქედან ერთს, თენგიზ თავდგირიძეს, დაუსწრებლად –  ქალი ბრალდებულის, მელანია ზოიძის მიმართ კი გირაო გამოიყენა. ქალი დარბაზიდან 7000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.
დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში განსასჯელის სკამზე „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში ბრალდებული შემდეგი პირები ისხდნენ: ბაჩანა ჯაყელი, უჩა ჯაყელი, რამაზ მამულაძე, ბადრი ასაკურიანი, გიორგი დუმბაძე, თენგიზ თავდგირიძე (სხდომას არ ესწრება, მას დაუსწრებლად წარედგინა ბრალი), რამაზ კახიძე, ხვიჩა დუმბაძე, მამუკა ხარაბაძე, ტარიელ დევაძე, ბადრი ჩიკვაიძე, უჩა ართმელაძე, ტარიელ კახიძე, რამინ ჭანიძე, რესან ბოლქვაძე, როინ დუმბაძე და მელანია ზოიძე.
დაკავებულები წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ და აცხადებენ, რომ მათი დაკავება უკანონოდ მოხდა. ბრალდებულების თქმით, დაკავებისას მათზე ფიზიკურად იძალადეს.
იზოლატორში რომ მიგვიყვანეს, გვითხრეს, რომ თქვენთვის სიურპრიზი გვაქვსო და გამოგვიცხადეს, „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში ხართ ბრალდებულიო. მანამდე ეჭვი გვქონდა, რომ წამალს ჩაგვიდებდნენ. დაკავებამდე იყო ეპიზოდი, როდესაც სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე არ გამატარეს. ეს უკანონობა დასრულდება, შეიცვლება ყველაფერი და რიგ პოლიციელებს მოუწევთ პასუხის გაცემა. ციხეს გავუძლებთ, თუმცა სამართალი აუცილებლად იზეიმებს“, – განაცხადა ბრალდებულმა უჩა ჯაყელმა სხდომის მიმდინარეობისას.
ბათუმში სპეცოპერაციის დროს აყვანილ პირებს „კანონიერი ქურდობის”, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „კანონიერი ქურდისთვის” მიმართვის ფაქტებზე წარედგინათ ბრალდება. სულ დაკავებულია 72 პირი. 5 მათგანს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, მილიონიანი საქმეები “კრიმინალურ ავტორიტეტ” ასლან ქობულაძესთან იგივე “ბაბუსთან”  წაიღეს. საუბარია 450 000 დოლარიან დავაზე .
პასუხისგებაში მისცეს „კანონიერი ქურდი“ ასლან ქობულაძე და მისი ძმაც, მეტსახელად „დუკა“.