“ა” ლიგის ფინალისტები ცნობილნი არიან. ჩემპიონის ტიტულისთვის, მეტადრე სუპერლიგის საგზურისთვის “რუსთავი” და კასპის “გრიფინი” იბრძოლებენ. ორივემ მათგანმა დღეს ნახევარფინალური სერიის მეორე მატჩიც მოიგო და ფინალში გავიდა. რუსთაველებმა თელავში “ბურჯი” დაამარცხეს, ხოლო მოგვიანებით ქვემოქართლელებს ფინალში შიდაქართლელებიც შეუერთდნენ. “ბურჯმა” თბილისში თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდი დაამარცხა და სერია 2:0 მოიგო.
ორივე ფინალისტი “ა” ლიგაში პირველად თამაშობს. რუსთავი იმის გამო, რომ აქამდე მხოლოდ სუპერლიგაში ასპარეზობდა და გასულ სეზონში წარუმატებლობის გამო დაქვეითდა, ბურჯი კი აქამდე არ არსებობდა. კასპში გუნდი სექტემბერში შეიქმნა, “ა” ლიგის საგზური მოიპოვა და
ფინალსაც უწია. ახლა ორივე მათგანს სუპერლიგაში გადასვლის შანსი აქვს – საჭიროა ფინალის მოგება და წაგებულსაც რჩება შანსი – სუპერლიგის ბოლოსწინა ადგილზე გასულ გუნდს გადათამაშებით საკვალიფიკაციოს ეთამაშება.
წინ ფინალური სერიაა, რომელიც 3 მოგებამდე იქნება, ნახევარფინალები კი ორამდე იყო. როგორც გითხარით, ორივე ფინალისტმა ნახევარფინალური სერია მშრალად მოიგო. რუსთაველებმა თელავში 103:74 იმარჯვეს. გოგა ცეკვავას გაწვრთნილ ქვემოქართლელებს პირველ მატჩში ტრავმირებული ქემდინ კარფმანი აკლდა, თუმცა გაცილებით იოლად იმარჯვა. თელაველებმა საკუთარ არენაზე წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს რუსთაველებს და უშანსოდ წააგეს.
ყველაზე შედეგიანად დომინიკ კეისმა ითამაშა, რომელმაც 8 ქულა და 13 მოხსნა ისე მიითვალა, რომ ბურთი არ აუცდენია – 7-დან 7 ორიანი და 3-დან 3 საჯარიმო. 20 ქულა ჰქონდა მალიკ ტიდველს. ვახტანგ ქადარიას ანგარიშზე 17 ქულა დაგროვდა. გუგა პატაშურმა რუსთაველებს 15 ქულა და 8 მოხსნა შესძინა. თელავის ბურჯში 19 ქულით აიზეა ვილკენსი გამოირჩა. 18 ქულა დააგროვა რიჩარდ ტიდველმა.
რაც შეეხება თავისუფალი უნივერსიტეტისა და კასპის გრიფინის მატჩს, გამარჯვებული ბოლო წუთებზე გაირკვა. ბესო ლეჟავას გაწვრთნილი თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდი ტოლს არ უდებდა ფავორიტად შერაცხილ მეტოქეს. აღსანიშნავია, რომ მატჩის პირველსავე წუთზე დაშავდა და თამაში ვეღარ გააგრძელა კასპელთა ერთ-ერთმა ლიდერმა ელაია ბიუქენენმა, რომლის არყოფნაშიც თავი ისახელა გიორგი რუხაძემ. რუხაძემ სეზონის საუკეთესო მატჩი ითამაშა და თავისუფალ უნივერსიტეტს 25 ქულა ჩააგდო.
კასპელებმა მეტოქე ბოლო 5 წუთში გატეხეს, მანამდე ხან ერთი გუნდი იყო წინ, ხანაც მეორე. გამარჯვებაში დიდი წილი დაიდო მერაბ მირზიაშვილმა, რომლის მოხსნები და ქულებიც გამარჯვების განმსაზღვრელი იყო. მირზიაშვილმა შეხვედრა 13 ქულით და 14 მოხსნით დაასრულა. საუკეთესო ზებ გრეჰემი იყო – 26 ქულა, 10 მოხსნა, 5 პასი. მონტეს მატისმა 19 ქულა, 5 პასი და 5 მოხსნა მიითვალა.
ნახევარფინალში დამარცხებული თავისუფალი უნივერსიტეტისა და თელავის გუნდებისთვის სეზონი დასრულდა. ფინალისტები კი სერიას 6 აპრილს დაიწყებენ.
GBF
