მოახლოვდა სუპერლიგის ერთი საფეხურით დაბლა მდგარი “ა” ლიგის გათამაშება, თუმცა სანამ ეს ტურნირი დაიწყებოდეს, ტრადიციულად, წინ საკვალიფიკაციო ეტაპი უძღვის, რომლის დანიშნულებაც “ა” ლიგის ბოლო მონაწილის გარკვევაა. აღნიშნულ ტურნირში 6 გუნდი მონაწილეობს და 5 მათგანი ცნობილია.
მე-6 მონაწილე ტრადიციულად საკვალიფიკაციო ტურნირის მიერ ვლინდება, რომელშიც 1 მონაწილე “ა” ლიგის გასული სეზონის ბოლოსწინა, მე-5 ადგილის მფლობელია, დანარჩებენი კი – საგზურის მოსაპოვებლად მებრძოლი, უმეტესწილად, ახალშექმნილი გუნდები.
დებულების თანახმად, “ა” ლიგის მე-5 ადგილის მფლობელმა ტურნირში მომდევნო სეზონში ადგილის შესანარჩუნებლად საპლეიოფო ერთი სერია უნდა ითამაშოს იმ
გუნდთან, რომელიც საკვალიფიკაციოში მონაწილე გუნდებს შორის საუკეთესო იქნება. გასულ სეზონში “ა” ლიგაში ბოლოსწინა ადგილი “დინამომ” დაიკავა და ახლა ადგილის შენარჩუნება ან თელავის “ბურჯთან”, ან “მთიებლთან” მოუწევს.
“ბურჯი” “ა” ლიგაში ადრეც ყოფილა, ხოლო წინა საუკუნეში, უმაღლეს ლიგაშიც ასპარეზობდა. რაც შეეხება “მთიელს”, ეს ახალი შექმნილი გუნდია და “ა” ლიგაში მოსახვედრად იბრძვის. ამ გუნდების საპლეიოფო სერია 2-მატჩიანი იქნება და თამაშები 14 და 18 დეკემბერს თბილისში გაიმართება. გამარჯვებული “ა” ლიგის საგზურისთვის “დინამოს” ასევე 2-მატჩიან სერიაში დაუპირისპირდება. გადამწყვეტი სერიის მატჩები 21 და 24 დეკემბერს ჩატარდება. თუკი კახური გუნდი პლეი ოფის ფინალში გავა, დინამოსთან 2-მატჩიანი სერიის პირველ შეხვედრას თელავში უმასპინძლებს.
GBF