ახლო აღმოსავლეთში ომი უკვე 84 დღეა მიმდინარეობს – ისრაელი ღაზის მოსახლეობას ცენტრალური ნაწილის დატოვებისკენ მოუწოდებს

ახლო აღმოსავლეთში ომი უკვე 84 დღეა მიმდინარეობს. “ჰამასის” წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაციის გაფართოების პარალელურად, ღაზის მოსახლეობას ცენტრალური ნაწილის დატოვებისკენ მოუწოდებს.
გაერო-ს განცხადებით, დაახლოებით 150 ათასი პალესტინელი იძულებულია გადაადგილდეს, რადგან ისრაელის ჯარები წინ, სექტორის ცენტრალურ ლტოლვილთა ბანაკებისკენ მიიწევენ.
სექტორის სამხრეთით, რაფაჰში, ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად, დაიღუპა 21 და დაშავდა 50-ზე მეტი პალესტინელი. გავრცელებული ინფორმაციით, შენობაში დევნილი მშვიდობიანი მოსახლეობა იყო.
ხან იუნისის აღმოსავლეთით კი, საჰაერო იერიშისას, 16 ადამიანი დაიღუპა.
ანკლავში დაღუპულთა საერთო რაოდენობა 21 320-ამდე გაიზარდა. დაშავებულია 55 600-ზე მეტი ადამიანი.
“ჰეზბოლას” განცხადებით, ისინი ჩრდილოეთ ისრაელზე თავდასხმებს აძლიერებენ, რადგან, შეტაკებების გამო, დაძაბულობა ისრაელსა და ლიბანში არსებულ სამხედრო დაჯგუფებას შორის იზრდება. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, 20-მდე სარაკეტო გაშვება დაფიქსირდა.