ახლობლების ინფორმაციით, 5 ივნისს, ხაშურში უგონო მდგომარეობაში ნაპოვნი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა.
როგორც ახლობლებმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, ქალს გუშინ საღამოს ცნობიერება დაუბრუნდა, თუმცა, მეტყველება და კომუნიკაციის სხვა უნარები ჯერჯერობით კვლავ შეზღუდული აქვს, შესაბამისად, მკურნალობა კვლავ უგრძელდება.
ქალს მკურნალობა ჯერ ხაშურში უტარდებოდა, შემდეგ კი ის თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ამ დრომდე რჩება.
შეგახსენებთ, შემთხვევა ხაშურში 5 ივნისს მოხდა. სამსახურიდან შინ დაბრუნებულ მამაკაცს 9 წლის შვილი გარდაცვლილი, მეუღლე კი უგონო მდგომარეობაში დახვდა.
მომხდარის ერთ-ერთ არაოფიციალურ ვერსიად, ამ დრომდე ინტოქსიკაცია განიხილება.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს
