მიუხედავად იმისა, რომ ყველა არგუმენტი არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებულ რისკებთან დაკავშირებით ობიექტურია და ეს საკამათო არ არის, მე ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ არჩევანი აქტიურ ბოიკოტსა და პროცესში შეყოლას შორის, სწორად ამ უკანასკნელის სასარგებლოდ უნდა გაკეთებულიყო.
სანამ გეტყვით, თუ რატომ, აღსანიშნავია, რომ საუკეთესო ვარიანტი იყო, ეს დისკუსია საერთოდ არ დაწყებულიყო და პოლიტიკურ ოპოზიციას ამის ნაცვლად, კარგ კოორდინაციაზე და ხალხის მხარდაჭერის გაძლიერებაზე ეზრუნა. რადგან ეს ვერ მოხერხდა, ჩემი ღრმა რწმენით, არსებულ მოცემულობაში, აქტიური ბოიკოტი, რომელიც იდეაში საყოველთაო დაუმორჩილებლობაში უნდა გადასულიყო, მკვდრად შობილი პროექტია და ძალისმიერი მეთოდებით მოქმედი რეჟიმის ინტერესებშია, რომელმაც კარგად ისწავლა ასეთი პროცესების მართვა და ცეცხლითა და მახვილით ჩახშობა. კვლევებში კი კარგად ჩანს, რომ ხალხში იმგვარი აქტიური მხარდაჭერის მოპოვება, რომელიც ძალადობას ადექვატურ ძალას დაუპირისპირებდა სამწუხაროდ შეუძლებელია. შესაბამისად, ამგვარი პროცესში შესვლა ხელისუფლებას მოასუფთავებინებს პოლიტიკურ ველს და შეუქმნის “სუვერენული დემოკრატიის”, რეალურად კი დიქტატურის საბოლოოდ დამკვიდრების წინაპირობას, დომინანტური პარტიით და მისი სატელიტებით. ბუნებრივია, არჩევნებში მონაწილეობაც არ არის კარგი არჩევანი, მაგრამ თეორიულ შანსს ტოვებს, რომ მისი მორიგი უხეში გაყალბების შემთხვევაში, ამომრჩეველში გაიღვიძებს აქტიური პროტესტი, რაც შექმნის რეალური ძალის ფორმირების წინაპირობას. მოკლედ, მაღალი ალბათობით, ორივე გზას საბოლოო ჯამში ქუჩის პროცესებთან მოვყავართ. განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ პირველ შემთხვევაში პროტესტის კონსოლიდაციის შანსები არ ჩანს, მეორეში კი ამის თეორიული შესაძლებლობები რჩება.
აქვე ვიტყვი, რომ ამ დისკუსიამ იმხელა ზიანი მიაყენა ყველას და ასარგებლა ხელისუფლება, რომ ახლა ჯობია იმ სცენარს მივყვეთ, რასაც ზურაბიშვილი გვთავაზობს. თუმცა აქაც აშკარაა ბუნდოვანება.
