„ახლა იმედგაცრუების ეპოქაა ღვინოში“
„ახლა იმედგაცრუების ეპოქაა ღვინოში“ , – ამის შესახებ სომელიემ შალვა ხეცურიანმა „ბიზნესპრესნისუთან“ ისაუბრა.
მისი თქმით, ის ფაქტი, რომ ღვინის მოხმარება გლობალურად მცირდება, ორი ასაკობრივი ჯგუფის მიერ სხვადასხვაგვარად აღქმულ ღვინის კონცეფციას უკავშირდება. კერძოდ, როგორც სომელიე განმარტავს, შედარებით, ზრდასრულ ასაკში (35 წელს ზემოთ) ღვინო კონსერვატიულ, ისტორიულ, ტრადიციულ, დაკანონებულ მეღვინეობას უკავშირდება, ახალგაზრდებში კი მეტ სიმარტივეს. თავის მხრივ კი, როგორც შალვა ხეცურიანი აღნიშნავს, მსოფლიოში მიმდინარე, ჯანსაღი ცხოვრების წესის ტენდენცია, უფრო მეორე კატეგორიასთან ასოცირდება, რადგან იქ ყველაზე მნიშვნელოვანი ბიო ღვინოებია.
სომელიე ამბობს, რომ შედეგად, ღვინო დიდი გლობალური გამოწვევის წინაშე დგას, რადგან დარგმა უნდა შეარიგოს ორივე სეგმენტი და თან, ორივე კონცეფცია შეინარჩუნოს.
„ჩემ დაკვირვებას გეტყვით. გარკვეული ტენდენცია მიმდინარეობს 2 ასაკობრივ ჯგუფში, უხეშად რომ დავყოთ, ახალგაზრდებსა და უფრო მომწიფებულ ასაკში. შედარებით ზრდასრულ ადამიანებში ღვინო არის ცოტა უფრო კონსერვატიული, ისტორიული, საუკუნოვანი, ტრადიციული გაგების მეღვინეობები. ის ცხოვრების გარკვეულ სტილთან ასოცირდება, ამასთან, საკმაოდ კონსერვატიული ღვინის „წესებია“, რომელიც ძალიან იშვიათად იცვლება, შეიძლება საუკუნეები არ შეიცვალოს. მოდით ასე ვთქვა, „ლაქშერი კონსერვატიზმი“ (კარგი გაგებით ოღონდ), ეს არის ერთი კონცეფცია. და, მეორე, არის ამის საპირისპირო, რომელიც არღვევას ამ ყველაფერს. ეს არის უფრო „ოპოზიციური“ მიმართულება, რომელიც ამბობს, რომ არ გვინდა ეს წესები, გვინდა უფრო ინდივიდუალიზმი, ადამიანი ღვინო უფრო გვაინტერესებს. ეს პირველს მთლად არ ეწინააღმდეგება, თუმცა მეორე კონცეფციაში მთავარი არის სიმარტივე, მას უნდა მეტი ექსპერიმენტი. ეს მეორე კონცეფცია კანიბალიზაციას უწევს პირველს. პირველი დგას სტილების, ხარისხის მდგრადობაზე. მაგალითად, „მედოკის“ ღვინოში არ იცვლება არაფერი ბევრი ათწლეული, არც მევენახეობაში, მეღვინეობაში და არც მარკეტინგში. მე ვიცი ოჯახი, რომელიც მეცხრე საუკუნიდან 1000 წელიწადზე მეტია ერთ შენობაში აწარმოებს ღვინოებს. ამ დროს, ეს მეორე კონცეფცია ამას ანგრევს და არის ბუნტივით. იმიტომ, რომ რაღაც მომენტში საკმაოდ დახურული გახდა ეს პირველი კონცეფცია, რთული გახდა საკუთარი თავის დამკვიდრება, სიახლის შეტანა. სამაგიეროდ, მეორე კონცეფციაში სიმარტივემ წაიყვანა იქითკენ, რომ დიდად არანაირი კანონები (ღვინის კანონმდებლობას ვგულისხმობ), დადგენილი და გაწერილი, პროტოკოლირებული, მევენახეობა და ენობრივი სტილი არ აინტერესებთ. ეს ყველაფერი კი, საკმაოდ კარგად ჩაჯდა ბუნებრივ ღვინოებში, ბიო ღვინოებსა და ბიო დინამიკაში. თუმცა პირველშიც შეგვიძლია განვიხილოთ ბიო. წარმოიდგინეთ, როდესაც ასწლოვანი ღვინის ტრადიცია გაქვს და ამავდროულად ხარ ბიოდინამიური მეურნეობა, მეტი ღირებულება რა გინდა?! მაგრამ როგორც აღვნიშნე, მეორე კონცეფციას კიდევ უფრო კარგად მოერგო.
ამ ვითარებაში, რა თქმა უნდა, ახალგაზრდების კონცეფცია უფრო მეტად ზრდადია, ამიტომ ჩემი აზრით, პირველი კატეგორია არის კრიზისში. ზრდასრული სეგმენტი გრძნობს ამ კრიზისს და მასაც აღიზიანებს ეს ცოტა გადამლაშებული კონსერვატიზმი, მაგრამ მისთვის ეს სიმარტივეც იმდენად მისაღები არ არის.
ამ დროს, მთავარი ტენდენცია, რაც მსოფლიოში მიმდინარეობს, ეს არის იმის გაცნობიერება,რომ ჩვენ რაც ნამდვილად გარანტირებული გვაქვს ეს არის სიცოცხლის ხანგრძლივობა. ვგულისხმობ, მიწიერი ცხოვრების ხანგრძლივად და ხარისხიანად გატარებას, რასაც თავისი სოციალური მდგომარეობით, თუ შემოსავლებით, ყველა თავისებურად ცდილობს. ყველას უნდა, დიდხანს და ხარისხიანად იცხოვროს. აქ ყველა სხვა პროდუქტთან ერთად, ღვინით შეიძლება იმის ჩვენება, თუ როგორ შეიძლება ეს გაკეთდეს. ანუ, უნდა მივირთვათ ღვინო, რომელსაც ადამიანის ხელის რაც შეიძლება ნაკლები ჩარევა ჰქონდა. ერთია, როდესაც ღვინო მუშავდება მნიშვნელოვნად და მეორე, როდესაც ღვინოზე არანაირი ინტერვენცია არ განხორციელებულა. თუ ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ გვინდა სიცოცხლე ხარისხიანად, უნდა მივირთვათ რაც შეიძლება ჯანსაღი პროდუქტი, მათ შორის ღვინო. ამიტომ არის ბიო, ორგანიკი, ბიო დინამიკა, ბუნებრივი ღვინოები ხვალინდელი დღე და მომავალი.
ამიტომ, მე ვფიქრობ, ღვინო დიდი გლობალური გამოწვევის წინაშე დგას. მან უნდა შეარიგოს, დაამშვიდოს ორივე სეგმენტი და თან, ორივე კონცეფცია შეინარჩუნოს, დააახლოოს ერთმანეთს. ძალიან დიდი სიმარტივე ღვინოს არ უხდება, ამავე დროს ძალიან გადამლაშებული კონსერვატიზმიც არ უხდება.
ჩემი აზრით, ახლა იმედგაცრუების ეპოქაა ღვინოში. ზრდასრული ადამიანები არ არიან მზად მასობრივად მიიღონ ეს ზედმეტი სიმარტივე, და ცოტათი იმედგაცრუებულები არიან ამ გადამლაშებული კონსერვატიზმითაც. თავის მხრივ, ახალგაზრდობა იმდენად აღტაცებულია ამ სიმარტივით, რომ რადიკალურად გამორიცხავს პირველ კონცეფციას. შესაბამისად, ამით არის განპირობებული, რომ პირველი სეგმენტი ძალიან მცირდება.
მე ვფიქრობ, საბოლოოდ მაინც მივდივართ იქით, რომ ჩვენი მომავალი არის მხოლოდ ბუნებრივი პროდუქტებით გამოკვება“,- ამბობს შალვა ხეცურიანი.
რა შეეხება საქართველოს, სომელიე აღნიშნავს, რომ ჩვენთანაც მსგავსი ტენდენცია შეინიშნება, თუმცა აქ არსებობს სპეციფიკური გარემოებები, რაც შედარებით განსხვავებულ სურათს იძლევა.
„რა თქმა უნდა, ჩვენც გლობალური სამყაროს შემადგენელი ნაწილი ვართ და იგივე ტენდენცია შეინიშნება. თუმცა, პირველ კონცეფციაში განებივრებული არ ვართ უცხოური ღვინოებით და ჩვენთან უფრო არის მსხვილი მეღვინეობების პროდუქტი. შესაბამისად, აქ პირველი კონცეფცია ჯერ არ არის ბოლომდე ჩამოყალიბებული და მდგრადი. იმიტომ, რომ საქართველოში ცოტა განსხვავებული მომენტია, აქ სახლის ღვინის ფენომენი ცოცხალია და ხარისხიან სახლის ღვინოს არაფერი სჯობს (თუმცა, საკმაოდ იშვიათობაა). ამიტომ +35 ასაკში აქ სახლის ღვინოა, რაც შეიძლება ნაკლები ჩარევით. აქ ხანდაზმით მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან მცირე შანსია სახლის ღვინოში მიაღწიო არადაავადებულ ღვინოს და თან მაღალ ხარისხს.
რაც შეეხება ახალგაზრდობას, აქ იგივე ხდება რაც გლობალურად. უბრალოდ, მოხმარების შემცირება არ მგონია ახალგაზრდა სეგმენტში იყოს. ეს უფრო +35 ასაკში შეინიშნება. ამის ქვემოთ პირიქით, ზრდაა, მაგრამ აქ ერთი რამ უნდა გვესმოდეს, რომ ეს ზრდა ვერ დაფარავს იმას, რასაც ჰქვია ამ ასაკისთვის დამახასიათებელი სხვა სასმელების გამოყენება. გლობალურად ყველგან, მაინც ლუდი არის ამ ასაკში პრიორიტეტული. ანუ, ღვინის მთავარი კონკურენტი არის ლუდი. ზოგადად კი, ჩვენთან ღვინის მოხმარების შემცირება არ მგონია დრამატული იყოს. პირიქით, ახალგაზრდებში ძალიან მზარდია დაინტერესება, როგორც მოხმარების, ისე წარმოების ნაწილში. ამას ჩვენი სკოლის სტუდენტების მაგალითზე გეუბნებით.
უფრო მეორე კონცეფციის მიმდევრებშია შემცირება. თავად ამ კატეგორიას სჭირდება ჯერ კიდევ შინაარსობრივი განვითარება, რომ მას ხელს არ უშლიდეს ძველი ბოთლის ღვინის ძალიან მცდარი იმიჯი (70-80-ან წლებში ჩვენთან ისეთი სირთულეები ჰქონდა ქართულ ღვინოს, ბოთლის ღვინოს შეელახა იმიჯი).
მაგრამ აქ ჩვენი უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ ქართველი ადამიანის ბუნებაში არ იყო ღვინო, რომელსაც დიდი დამუშავება სჭირდებოდა. მას ჰქონდა სახლის ღვინის ფენომენი. მაგრამ ეს სახლის ღვინოს უნდა იყოს ხარისხიანი და ეს გამოწვევა ჯერ კიდევ გვაქვს. თუმცა, ვფიქრობ, ამასაც დავაღწევთ თავს“,- ამბობს შალვა ხეცურიანი.
ცნობისთვის, ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) ყოველწლიურ ანგარიშის მიხედვით, ღვინის გლობალური მოხმარება 2024 წელს, წინა წელთან შედარებით, 3.3%-ით შემცირდა და 214.2 მლნ ჰექტოლიტრი შეადგინა, რაც 1961 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ამასთან, ამის ერთ-ერთ მიზეზად კვლევაში ნათქვამია, რომ ახალგაზრდა თაობებში პრეფერენციებიემა (ქცევის) ცვლილებამ გამოიწვია. კერძოდ, ექსპერტების შეფასებით, ხალხი დღესასწაულებზე ღვინოს აღარ სვამენ, ახალგაზრდები კი მშობლებზე ნაკლებ რაოდენობას მოიხმარენ.
რაც შეეხება საქართველოს, ღვინისა და სხვა ალკოჰოლური სასმელების სექტორის კვლევის მიხედვით, 2023 წელს საქართველოში მოხმარებული ღვინის მოცულობამ 936 000 ჰექტოლიტრი ანუ 93 600 000 ლიტრი შეადგინა, რაც ბოლო 5 წელში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
