„ახალი რეგულაციით, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მძღოლებმა პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცნობა, ნარკოტესტი და ჯანმრთელობის ცნობა, ყოველ წელს უნდა წარადგინონ“ – ირაკლი იზორია

„ახალი რეგულაციით, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მძღოლებმა პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცნობა, ნარკოტესტი და ჯანმრთელობის ცნობა, ყოველ წელს უნდა წარადგინონ“ – ირაკლი იზორია
საავტომობილო სამგზავრო გადაყვანისთვის პირებს 2025 წლის 1-ელი მარტიდან სპეციალური ნებართვის ვალდებულება წარმოეშვათ. საუბარია, იმ მძღოლებზე, რომლებიც როგორც საერთაშორისო არარეგულარულ სამგზავრო გადაყვანას, ასევე ქვეყნის შიდა რეგულარულ სამგზავრო გადაყვანებს ახორციელებენ.
რეგლამენტი მოიცავს ავტოსადგურების მოწესრიგების ვალდებულებასაც, რომლის შესრულებაც ზოგიერთ სადგურში უკვე დაწყებულია და ეს პროცესი 2025 წელს უნდა დასრულდეს. კერძოდ, ავტოსადგურები აღჭურვილი უნდა იყოს მძღოლის მოსასვენებელი სივრცით, სამედიცინო პუნქტით, საპირფარეშოებით, მგზავრების მოსაცდელი სივრცით, ბაქნებითა და ა.შ. მოთხოვნები ყველა სადგურისთვის მისი ზომისა და ტიპის მიხედვით ინდივიდუალურად არის ფორმულირებული.
ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხების ექსპერტის, ფონდ „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დირექტორი, ირაკლი იზორია „კომერსანტთან“ განმარტავს, რომ მძღოლები ვალდებულნი არიან ყოველ წელს წარადგინონ ტექნიკური ინსპექტირების ცნობა, ასევე ნარკოტესტი და ჯანმრთელობის ცნობები.
როგორც იზორია მიიჩნევს, გამართული სატრანსპორტო პოლიტიკა ქვეყანაში კერძო ავტომობილების რაოდენობის შემცირების ერთადერთი გზაა.
,,უკვე 1-ელი მარტიდან მფლობელს მოეთხოვება, ყოველ ერთ წელიწადში წარადგინოს: პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცნობა, თუ რამდენად გამართულია თუ გაუმართავი ავტომობილი, ჯანმრთელობის ცნობა და ნარკოტესტი.
ჯანმრთელობის ცნობასთან და ნარკოლოგიურ ცნობასთან დაკავშირებით კანონში ნახევარი წელი წერია, თუმცა, მოთხოვნაში აღნიშნულია, რომ 1 წელიწადში უნდა წარადგინონ.
რაც შეეხება სახმელეთო გადაყვანებს, დღევანდელი მდგომარეობით მგზავრები სამარშრუტო ტაქსებით და ავტობუსებით გადაგვყავს, მაგრამ შორ მანძილზე მხოლოდ ავტობუსებით უნდა გადაჰყავდეთ მგზავრები; ჯერ ერთი მეტად ტევადია და მეორე – მეტად უსაფრთხოა, ბოლო პერიოდში მიკროავტობუსების შემთხვევაში ავარიების მაჩვენებელი მაღალია. უნდა აღინიშნოს, რომ ხშირად მიკროავტობუსი სატვირთოა და მისი გადაკეთება სამგზავროდ კუსტარულად ხდება, რაც ტექნიკური დათვალიერების დროს გათვალისწინებული უნდა იყოს. ვფიქრობ, ავტობუსების რაოდენობაც გასაზრდელია, რადგან მოთხოვნის მიხედვით, ავტობუსი 20 წელზე ნაკლები ასაკის და ევრო 4-ის სტანდარტს დაქვემდებარებული უნდა იყოს, საქართველოში, ალბათ, ეს სტანდარტი ვერ დაკმაყოფილდება, რადგან მთლიანი ავტოპარკის ავტობუსების 70% 15 წელზე მეტი წლის წინაა გამოშვებული.
ავტომობილების რაოდენობა მწვავე პრობლემაა, რისი ალტერნატივაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მაქსიმალური განვითარებაა. თბილისში ავტომობილების რაოდენობა წლიურად 50 000-ით იმატებს, რაც 10 წლის მერე იმას გამოიწვევს, რომ ქუჩებში ფიზიკურად ვერ დაეტევიან, თუ სატრანსპორტო სისტემა მომზადებული არ გვექნება”,- აღნიშნა ირაკლი იზორიამ.