“ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის”, – ამ სახელწოდების პოლიტიკური პლატფორმის პრეზენტაცია გაიმართა 8 ივლისს, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყრილობაზე, რომლის წევრები პარტიის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ წარადგინა.
ახალი პოლიტიკური პლატფორმის წევრებს შორის დასახელდნენ:
· გია ჯაფარიძე – პოლიტოლოგი;
· სოფო ჯაფარიძე – ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელი;
· ლაშა ბაქრაძე – ისტორიკოსი;
· ანა მოსაძე – სამოქალქო აქტივისტი;
· თამარ კორძაია – დამოუკიდებელი დეპუტატი;
· არმაზ ახვლედიანი – დამოუკიდებელი დეპუტატი;
· გიორგი ვაშაძე – პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი;
· ირაკლი ფავლენიშვილი – პარტია “ნაციონალური მოძრაობის” წევრი;
· ლაშა დიაროვი – სამოქალქო აქტივისტი.
გუნდის წარდგენამდე, თინა ბოკუჩაბამ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ თუკი სხვა პარტიებმა გაერთიანება ვერ შეძლეს, ისინი ერთიანდებიან სხვა პოლიტიკოსებთან და საზოგადოებრუვად აქტიურ პირაბთან.
“ახლა არ არის დანაწევრების და დაპირისპირების დრო, არ აქვს ეგოების ჭიდილის დრო. ახლა ერთიანობის დროა, ერთიანობის საქართველოსთვის, ერთიანობის ევროპისთვის, ერთიანობის გადარჩენისთვის და ერთიანობის გამარჯვებისთვის. ამის მჯერა ისე, როგორც არასდროს. ერთიანობით ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია, ერთიანობით ჩვენ შეუძლებელიც შეგვიძლია.
[…] თუ სხვა პარტიებმა, ამ ეტაპზე ვერ შეძლეს გაერთიანება, გავერთიანდეთ ჩვენ, პოლიტიკოსებთან, საზოგადოებრივად აქტიურ პირებთან, სამოქალაქო ორგანიზაციებთან და რაც მთავარია, გავერთიანდეთ ახალგაზრდებთან, რომლებმაც ყველაზე კარგად დაგვანახეს ერთიანობის ძალა”,- თქვა ბოკუჩავამ.
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, თამარ კორძაიამ ჟურნალისტებთან საუბარში განმარტა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია, ოპოზიციური ერთობები შექმნას. იგი მათ გაერთიანებაში ეპატიჟება სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც. როგორც ის აღნიშნავს, უნდა შეიქმნას იმგვარი განწყობა, რომ არცერთი ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის ხმა არ დაიკარგოს.
“წელიწადზე მეტია, ვხედავთ საქართველოს მოქალაქეების მოთხოვნას, რომ ოპოზიციამ იაროს შეთანხმებით, კომპრომისით, რათა ოქტომბერში “ქართული ოცნება” დამარცხდეს. ჩვენ დღეს პირველი ნაბიჯი გადავდგით. მე დარწმუნებული ვარ, სხვა ოპოზიციური პარტიებიც მიიღებენ მსგავს, ერთიანობის გადაწყვეტილებას და საბოლოოდ ჩვენ საერთო თანხმობით, კოალიციურად დავამარცხებთ “ქართულ ოცნებას” . ჩემი დღევანდელი გადაწყვეტილება ამით არის ნაკარნახევი”, – თქვა კორძაიამ.
პოლიტოლოგმა გია ჯაფარიძემ განმარტა, რომ იგი შეუერთდა “ერთიანობას” და არა რომელიმე პოლიტიკურ პარტიას.
“მე ვარ უპარტიო. მე არ გავწევრიანებულვარ არცერთ პარტიაში. მე ვერთიანდები იმ გაერთიანებაში, რომელსაც ჰქვია “ერთიანობა”.
ისტორიკოსმა ლაშა ბაქრაძემ განაცხადა, რომ ახალი პლატფორმა არის ყველაზე ძლიერი ოპოზიციური გაერთიანება:
“მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია ერთიანობა, თუნდაც პრინციპების ერთიანობა… მე ამ ერთობაში ვარ უპარტიო ადამიანი. ადამიანებს მოწყინდათ ერთი და იგივე სახეების ყურება. მე არანაირი პარტიის წევრი არ ვარ და არც ვაპირებ. საბოლოო ჯამში, ეს ნიშნავს ერთობას, როდესაც განსხვავებული შეხედულების მქონე ადამიანები ძირეულ პრინციპზე თანხმდებიან”.