ახალი მაგისტრალის მშენებლობას EIB 250 მილიონი ევროს კრედიტით აფინანსებს – სომხეთთან და აზერბაიჯანთან დამაკავშირებელი მაგისტრალის მშენებლობისთვის მიწების ექსპროპრეაცია გამოცხადდა

ახალი მაგისტრალის მშენებლობას EIB 250 მილიონი ევროს კრედიტით აფინანსებს – სომხეთთან და აზერბაიჯანთან დამაკავშირებელი მაგისტრალის მშენებლობისთვის მიწების ექსპროპრეაცია გამოცხადდა
ეკონომიკის სამინისტრომ სომხეთთან დამაკავშირებელი რუსთავი-სადახლოს და რუსთავი-წითელი ხიდის მაგისტრალის მშენებლობისთვის ექსპროპრიაცია გამოაცხადა. ექსპროპრიაციის შესახებ მინისტრის ბრძანება საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა და ის ძირითადად მარნეულის მუნიციპალიტეტში მიწების გამოსყიდვას ითვალისწინებს.
ანალოგიური ბრძანებები ეკონომიკის სამინისტროს გასულ წელსაც ჰქონდა გამოცემული და მათი მეშვეობით პროექტის განხორციელებისთვის აუცილებელი მიწების სახელმწიფოსთვის გადაცემა მოხდა.
აღნიშნული ბრძანების თანახმად მოხდება 2651 კვადრატული მეტრის; 466 კვადრატული მეტრის; 11,590 კვ. მეტრის; 247 კვ. მეტრის და 170 კვ მეტრის მიწის ნაკვეთების იძულების წესით გამოსყიდვა. გზის ამ მონაკვეთის მშენებლობისთვის უწყებამ მიწების იძულების წესით გამოსყიდვის ბრძანებები გასულ წელსაც გამოსცა.
ახალი მაგისტრალი ქალაქ რუსთავში დაიწყება და ის წითელი ხიდისა და სადახლოს მიმართულებით აშენდება. პროექტთან დაკავშირებით საერთაშორისო ტენდერები უკვე გამოცხადებულია (ლოტი 1 და ლოტი 2; ლოტი 3 და ლოტი 4).
პროექტის მიხედვით, საერთო ჯამში, აშენდება 61.3 კმ, 4 ზოლიანი, გარე განათების სისტემით უზრუნველყოფილი ბეტონის ჩქაროსნული გზა, 26 ხიდითა და 11 სატრანსპორტო კვანძით, სადაც დაცული იქნება საერთაშორისო საგზაო უსაფრთხოების ყველა აუცილებელი მოთხოვნა.
ახალი მაგისტრალის მშენებლობას EIB 250 მილიონი ევროს კრედიტით აფინანსებს. აღნიშნული სახსრების ათვისება მიმდინარე წლიდან უნდა დაიწყოს.
2025 წელს პროექტზე 190 მლნ ლარი, 2026-ში 280 მილიონი ლარი, 2027-ში 250 მილიონი ლარი, 2028 წელს კი 90 მილიონი ლარი დაიხარჯება.
წყარო: bm.ge