ახალი ამბების სააგენტოებს აღარ ექნებათ მუდმივი ადგილი საპრეზიდენტო ღონისძიებების გაშუქების ჯგუფში

ახალი ამბების სააგენტოებს აღარ ექნებათ მუდმივი ადგილი ჟურნალისტების ვიწრო ჯგუფში, რომელიც პრეზიდენტ ს საქმიანობას აშუქებს, იუწყება სააგენტო „როიტერსი“, თეთრი სახლის განცხადებაზე დაყრდნობით.
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მოსვლამდე, სააგენტოები „ასოშიეიტედ პრესი“, „ბლუმბერგი“ და „როიტერსი“ შედიოდნენ პრეზიდენტის გაშუქების მუდმივ ვიწრო ჯგუფში. თებერვალში თეთრმა სახლმა „ასოშიეიტედ პრესი“ ამორიცხა ასეთი ჯგუფიდან მას შემდეგ, რაც სააგენტომ უარი თქვა, ტრამპის ბრძანებისამებრ, „ამერიკის ყურედ“ მოეხსენიებინა -ის სამხრეთით მდებარე წყლები.
„როიტერსისთვის“ თეთრი სახლის მიერ მიწოდებული ინსტრუქციის თანახმად, თეთრი სახლის პრესმდივან კეროლაინ ლივიტს ექნება უფლებამოსილება დღიდან დღემდე განსაზღვროს პრეზიდენტის საქმიანობის გამშუქებელი ჯგუფის შემადგენლობა, რომ „უზრუნველყოს პრეზიდენტის გზავნილების წვდომა სამიზნე აუდიტორიაზე და ღონისძიებებს დაესწრონ ის მედიასაშუალებები, რომლებსაც ცალკეულ საკითხზე შესაბამისი ექსპერტიზა გააჩნიათ“.
„ასოშიეიტედ პრესს“ 11 თებერვლიდან აეკრძალა პრეზიდენტ ტრამპის გაშუქება თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტსა და საპრეზიდენტო თვითმფრინავის ბორტზე იმის გამო, რომ „მექსიკის ყურე“ „ამერიკის ყურედ“ არ მოიხსენია. თებერვალშივე სააგენტომ სასამართლოს მიმართა. 9 აპრილს ფედერალურმა მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც თეთრი სახლი დაავალდებულა „ასოშიეიტედ პრესს“ მისცეს სრული წვდომა პრეზიდენტის ღონისძიებების გასაშუქებლად. მოსამართლის განმარტებით, ხელისუფლებას არ შეუძლია სამაგიერო გადაუხადოს „ასოშიეიტედ პრესს“ იმის გამო, რომ მან არ მისდია პრეზიდენტის აღმასრულებელ ბრძანებულებას მექსიკის ყურისთვის სახელის შეცვლაზე. მოსამართლე ტრევორ მაკფადენმა (ტრამპის მიერ დანიშნული მოსამართლეა), აშშ-ის კონსტიტუციის პირველ შესწორებაზე დაყრდნობით, დაადგინა, რომ, თუკი მთავრობა კარს უღებს ზოგიერთ ჟურნალისტს ოვალურ კაბინეტსა თუ თეთრი სახლის სხვა სივრცეში, დაუშვებელია იგივე სივრცეში არ დაუშვას სხვა ჟურნალისტები მათი თვალსაზრისის გამო.
ფორუმი