“ახალისა” და “ევროპული საქართველოს” საკრებულოების წევრებმა პარლამენტის წინ განაცხადეს, რომ მხოლოდ ახალ, თავისუფალ, სამართლიან საპარლამენტო არჩევნებს აღიარებენ და უარს ამბობენ მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივ არჩევნებში.
მათვე განცხადებით, მათ სჯერათ, რომ სწორედ ევროპული ტიპის დემოკრატიაში არის შესაძლებელი რეალური ადგილობრივი თვითმმართველობის შექმნა.
ნეტგაზეთი სრულად გთავაზობთ საკრებულოების წევრების განცხადებას.
“დღეს, ჩვენ, პარტიების ,,ახალი’’ და ,,ევროპული საქართველო’’ საკრებულოების წევრები საქართველოს ყველა რეგიონიდან, ვაცხადებთ, რომ:
ჩვენ ვართ ერთგულები იმ მიზნების, რომელთა მიღწევისთვისაც 233 დღეა მიმდინარეობს საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო წინააღმდეგობის მოძრაობა.
ვადასტურებთ, რომ ჩვენ ვაღიარებთ მხოლოდ ახალ, თავისუფალ, სამართლიან საპარლამენტო არჩევნებს და უარს ვამბობთ მონაწილეობა მივიღოთ ადგილობრივ არჩევნებად წოდებულ, რეალურად კი გაყალბებულ, კრიმინალურ, რუსულ პროცესში.
ჩვენ, საკრებულოების წევრმა დეპუტატებმა ზუსტად ვიცით რამდენად მნიშვნელოვანია რეალური ადგილობრივი თვითმმართველობა და დეცენტრალიზაცია. თუმცა, 4 ოქტომბრის ე.წ. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებსა და იმ მანკიერ სისტემას, რომელიც დამკვიდრებულია ჩვენს ქვეყანაში, არანაირი კავშირი არ აქვს არც თავისუფალ და სამართლიან არჩევნებთან და არც რეალურ თვითმმართველობასთან.
დღეს ჩვენ წინააღმდეგობას ვუწევთ ანტიქართულ, ანტიდემოკრატიულ და ანტიდასავლურ ძალას, რომელიც საფრთხეს უქმნის ჩვენი სამშობლოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას, თავისუფლებასა და უსაფრთხოებას. წინააღმდეგობას ვუწევთ რეჟიმს, რომელიც ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს გვართმევს კეთილდღეობის, მშვიდობისა და ბედნიერების მოპოვების შესაძლებლობას.
დღეს ქართველ ხალხთან ერთად ვუპირისპირდებით რეჟიმს, რომელმაც ჩვენი სამშობლო განუკითხაობის, უსამართლობისა და ძალადობის მორევში გადაუშვა.
ჩვენ გვჯერა, რომ უსაფრთხო, დაცული, ღირსეული და ბედნიერი ცხოვრება შესაძლებელია ევროპული ტიპის დემოკრატიაში, რაც არის ჩვენი და ჩვენი წინაპრების ისტორიული არჩევანი, სადაც ყველა სახელისუფლებო რგოლი ემსახურება ხალხს და არა პარტიულ ფუნქციონერებს.
სწორედ ევროპული ტიპის დემოკრატიაში არის შესაძლებელი რეალური ადგილობრივი თვითმმართველობის შექმნა, სადაც ადამიანები, ცენტრალური ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად, თავად გადაწყვეტენ როგორ იცხოვრონ.
ქართველი ხალხის საბოლოო გამარჯვებისთვის მნიშვნელოვანია რეჟიმის იზოლაცია ყველა დონეზე, როგორც ეროვნულ და საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ დონეზეც.
გამარჯვება მხოლოდ რეჟიმის ცვლილებაშია, ხოლო გამარჯვების გზა რეჟიმთან სახალხო, დემოკრატიულ წინააღმდეგობასა და არ თანამშრომლობაზე გადის.
ჩვენ ვაღიარებთ მხოლოდ თავისუფალ და სამართლიან საპარლამენტო არჩევნებს!
უარი ადგილობრივ არჩევნებად წოდებულ, გაყალბებულ, კრიმინალურ, რუსულ პროცესს!”, – წერია განცხადებაში.
