„ახალგაზრდა ქართველი მეცნიერები“ რუსულ უნივერსიტეტში საზაფხულო სკოლას ესწრებიან

რუსეთში, სტავროპოლის მხარეში მდებარე „ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური უნივერსიტეტი“ მართავს საზაფხულო სკოლას, სადაც საქართველოდან და დან 50 „ახალგაზრდა მეცნიერი“ მონაწილეობს.
ინფორმაციას ავრცელებს „რუსეთის ფედერაციის უნივერსიტეტების“ არხი ტელეგრამზე.
ფოტოებზე, რომელსაც არხი ავრცელებს, მონაწილეებს შორის ჩანს პრორუსული და ძალადობრივი „ალტ-ინფოს“ წევრი, გიორგი ხარიბეგაშვილი, რომელიც პრორუსული პლატფორმების საშუალებით, დასავლეთის კრიტიკით არის დაკავებული ბოლო წლებში.
„მონაწილეებს წინ ელით არამხოლოდ ინტენსიური საგანმანათლებლო პროგრამა, დისკუსიები, ასევე ჯგუფური მუშაობა პროექტების შესამუშავებლად. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ღონისძიება ხელს შეუწყობს ნაყოფიერი თანამშრომლობას და გააძლიერებს მეგობრულ კავშირებს ჩვენს სახელმწიფოებს შორის“ — ეს უკვე ფედერალური უნივერსიტეტის რექტორის, დმიტრი ბესპალოვის სიტყვებია.
ოკუპანტი ქვეყნის უნივერსიტეტი საზაფხულო სკოლის პროგრამის ფარგლებში გეგმავს ფილმის ჩვენებას „გეორგიევსკის ტრაქტატი. კავკასია გეოპოლიტიკაში“. დაგეგმილია ასევე პრეზენტაცია სახელმძღვანელოსი, რომელსაც ჰქვია „რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები X საუკუნიდან XIX საუკუნის პირველ ნახევრამდე“.
ფილმი უნივერსიტეტის მონაწილეობით არის მომზადებული და როგორც ირწმუნებიან, მის შექმნაში ქართველ ისტორიკოსებსაც აქვთ მონაწილეობა მიღებული.
„ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური უნივერსიტეტი“ 2012 წელს მედვედევის განკარგულების შესაბამისად შეიქმნა და აერთიანებს სტავროპოლის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ჩრდილოეთ კავკასიის სახელმწიფო ტექნიკურ უნივერსიტეტსა და პიატიგორსკის ჰუმანიტარულ და ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს.
სტავროპოლის მხარეში მდებარე რუსული უნივერსიტეტის ურთიერთობები საქართველოსთან ამ საზაფხულო სკოლით არ შემოიფარგლება. უნივერსიტეტის საიტზე იძებნება სტატიები, სტუდენტების საქართველოში მოწყობილი ტურის, ქართულ-რუსული ურთიერთობების შესახებ უნივერსიტეტის ინტერესის, ქართულ-რუსული „მეგობრობის“, ქართველების მიერ იქ ჩატარებული ლექციების შესახებ და ა.შ.
საზაფხულო სკოლა სტავროპოლის მხარეში 6 ივლისამდე გაგრძელდება.

ასევე დაგაინტერესებთ

პრეზიდენტი მიესალმება საქველმოქმედო ორგანიზაცია “სადაგის” წამოწყებას, რომლის ორგანიზებითაც ბათუმის სტადიონზე საქართველოსა და ფიჯის რაგბის ეროვნული ნაკრებების მატჩის შემდეგ, დასუფთავების აქცია გაიმართა