მამაცი ქართველი ახალგაზრდები საქართველოს ქუჩებში იბრძვიან ევროპული მომავლისთვის, რომლისაც სჯერათ და უძლებენ რეჟიმის ძალადობრივ დარბევას – ამის შესახებ “საქართველოსთვის” ლიდერი, გიორგი გახარია.
„ეს ახალგაზრდები ყველაფერს რისკავენ ევროპული ღირებულებებისთვის – თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის და ღირსებისთვის. თუმცა გრძნობენ, რომ მათ ბრძოლას დუმილით ხვდებიან.
ამ ახალგაზრდებისთვის ევროკავშირი მხოლოდ იდეა არ არის. ეს მათი ხსნაა – უკეთესი, თავისუფალი და დემოკრატიული მომავლის იმედი.
თქვენი ხმა ახლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე. ევროკავშირის მკაფიო და მტკიცე პოზიცია არამარტო ძალას მისცემს ამ ახალგაზრდებს, არამედ დაამტკიცებს, რომ ევროპა დგას მათ გვერდით, ვინც იბრძვის ევროკავშირის ღირებულებებისთვის, თუნდაც დიდი პირადი რისკის ქვეშ.
მოგმართავთ, აჩვენეთ ამ მამაც ხალხს, რომ ევროკავშირს ესმის მათი ხმა და მტკიცედ უჭერს მხარს მათ ბრძოლას!” – წერს გახარია სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, მეოთხე დღეა, საქართველოს პარლამენტთან ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. დემონსტრანტები აპროტესტებს მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლის ბოლომდე მოხსნან დღის წესრიგიდან საქართველოს ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებების დაწყება.
ხელისუფლებას ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებების შეჩერებაზე გადაწყვეტილების შეცვლას სთხოვს “ახალგაზრდა ადვოკატები”.
საზოგადოებას და პროფესიულ ჯგუფებს მობილიზება და ხალხის გვერდით დგომა სთხოვეს მეღვინეებმა. მათი შეფასებით, “საქართველოს თვითმარქვია ხელისუფლება გავიდა ყველანაირი კონსტიტუციური ფარგლებიდან” და ახლა მხოლოდ ქუჩაში დგომის დროა.
სპექტაკლები გააუქმეს ან გადადეს თეატრებმა. ქართული ფილმების ჩვენება გააუქმა თბილისის კონოფესტივალმა.
მთავრობას კონსტიტუციის დაცვისკენ მოუწოდებს საქართველოს შშმ პირთა ქსელი. მათი მოთხოვნაა საქართველო დაბრუნება ევროპულ ორბიტაზე, არა შორეულ და გაურკვეველ მომავალში, არამედ უმოკლეს ვადებში, რადგან ევროპული მომავალი და ქვეყნის განვითარება პირდაპირ უკავშირდება შშმ პირთა კეთილდღეობას.
